2012 წლის შემდეგ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თავისუფლების შეფასების ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია და ევროპაში არის პირველ პოზიციაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ ატლანტიკური საბჭოს კვლევა ეყრდნობა სხვადასხვა მონაცემებს, შესაბამისად მაშინ, როცა საქართველოს რეფორმებზე ესაუბრებიან, ამ დროს ქვეყანა უკვე უსწრებს ყველა ამ მონაცემებით სხვებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც და არსებულის გაუმჯობესებაზე საუბრობს.
„როდესაც კრიტიკაზე ლაპარაკობენ, მათ შორის, ჩვენი ევროპელი მეგობრები, უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ ატლანტიკური საბჭო ამ მონაცემებს აქვეყნებს თავის მხრივ შემდეგ მონაცემებზე დაყრდნობით. ესენია: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლო დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება. აი ამ მონაცემებზე დაყრდნობით ატლანტიკური საბჭოს კვლევა მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქართველო ევროპაში არის პირველ ადგილზე ხანგრძლივი გაუმჯობესებით თავისუფლების შეფასების. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პროგრესი 2012 წლიდან დღემდე რაც გვაქვს - გვაქვს პირველ ადგილოსანი ევროპაში, კანდიდატ ქვეყნებში აღარ არის საუბარი, ევროპის ქვეყნებშიც. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც რაღაც რეფორმებზე გველაპარაკებიან, ჩვენ არსებულის გაუმჯობესებაზე ვლაპარაკობთ, უკვე ვუსწრებთ ყველა ამ მონაცემებით სხვებს და არსებულის გაუმჯობესებაზე ვლაპარაკობთ. ნებისმიერი დათქმა- 12 პუნქტიანი გეგმა, 9 ნაბიჯი და ა.შ. არსებულის გაუმჯობესებისკენ არის მოწოდებული“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს ევროპის თემა გამოიყენოს საარჩევნოდ და საზოგადოებამ ხელისუფლებაში უნდა აირჩიოს, ის ვინც იღებს გადაწყვეტილებას საქართველოშივე და არა ვიღაცის მითითებით.
„კრიტიკა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოდის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ რაღაცნაირად ევროპის თემა გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისათვის. საქართველოს მოქალაქეებმა, ყველამ უნდა გავითავისოთ ერთი მთავარი დათქმა და ეს უნდა იყოს ჩვენი გენეტიკური კოდი, არის და უნდა იყოს კიდეც მომავალში, რომ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს ჩვენ და ვიდრე ოპოზიციაში არ იქნებიან ისეთი ძალები, რომლებიც დამოუკიდებლად და არა გარედან მითითებით იღებენ გადაწყვეტილებებს მანამდე უნდა აირჩიონ, ის ვინც იღებს საკუთარ თავზე გადაწყვეტილებას, ვინც ირებს საქართველოშივე გადაწყვეტილებას და არავის მითითებით“, - განაცხადა მდინარაძემ.