ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. დღის წესრიგის მიხედვით, ევროპელი დიპლომატები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ და, როგორც თავად ამბობენ, მსჯელობენ გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხო ზომებზე.
როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, დღეს ისინი სიღრმისეულად იმსჯელებენ იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეიძლება მიმართოს ევროკავშირმა, თუმცა, სავარაუდოდ გადაწყვეტილებას დღეს არ მიიღებენ, ვინაიდან საქართველოში არსებული ვითარება ლიდერებმაც უნდა განიხილონ.
შესაძლო ზომებს შორის სახელდება ფინანსური დახმარების შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დროებით შეჩერება და სავიზო შეზღუდვები მთავრობის წარმომადგენლებისთვის.