ეს არის სამარცხვინო საქციელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა.
„ეს არის სამარცხვინო საქციელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ამ ადამიანებმა [ფეხბურთელებმა] ასეთი სიხარული აჩუქეს. ეს უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად აპოლიტიკური თემა. ფედერაციამ თავად იცის ვის რა დამსახურება აქვს და ეს სია [ღირსების ორდენოსნების] გადაგზავნილი იყო, რომ ამ ადამიანების დამსახურებით დაიდო ეს [ევროპის ჩემპიონატზე გასვლა] შედეგი. პრეზიდენტმა ჩემპიონატის წინ არ დააჯილდოვა ფეხბურთელები, რაც კიდევ უფრო მეტი სტიმული იქნებოდა მათთვის და საზოგადოებისთვის, რომ მადლობა გვეთქვა“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.