ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საღამოზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების ახდენა, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 33 წლის განმავლობაში საქართველომ მრავალი განსაცდელი გაიარა, მათ შორის, ოთხი ომი და სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მეგობრების მხარდაჭერას.
„ჩვენ დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ 33 წლის წინ, 1991 წელს. ჩვენს თაობას და ჩვენს უფროს თაობას ახსოვს გასული საუკუნის 80-იანი წლები, როდესაც ქართველები იბრძოდნენ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. 1988 წელს გაიმართა პირველი მასშტაბური დისიდენტური აქცია და მაშინ არავის სჯეროდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში შეიძლებოდა ჩვენი ოცნება ახდენილიყო და საქართველო კვლავაც გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუმცა, ეს ოცნება ახდა და 1991 წელს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სიმბოლურია, რომ დღევანდელ ღონისძიებას ესწრება პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ბატონი კონსტანტინე გამსახურდია, მივესალმები მას განსაკუთრებულად.
ჩვენ ამ 33 წლის მანძილზე საკმაოდ რთული ისტორია განვვლეთ, - იყო მრავალი განსაცდელი, მათ შორის, იყო 4 ომი, რომელიც გამოვიარეთ ამ სამი დეკადის განმავლობაში. ეს იყო სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩამოყალიბების ძალიან რთული გზა და ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას. აქ უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული სახელმწიფოს და გერმანელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იყო განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან, ჩვენ ვგრძნობდით ამ მხარდაჭერას, დახმარებას გერმანიის მხრიდან და მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, კიდევ უფრო მძაფრად განვიცადეთ ამ მხარდაჭერის სარგებელი საკუთარ თავზე. 90-იანი წლებიდან გერმანიამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში, ჩამოყალიბებაში, და მადლობა კიდევ ერთხელ გერმანულ სახელმწიფოს, გერმანელ ხალხს და ჩვენს გერმანელ მეგობრებს ამისათვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი ბრძოლა გადავიტანეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და განგვემტკიცებინა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი, და ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში იყო ძალიან წარმატებული. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ვივლით მყარად სწორი მიმართულებით, განვამტკიცებთ კვლავაც ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და შევინარჩუნებთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, რაც საქართველოს განვითარების აუცილებელი პირობაა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოცნებები და მთავარი ოცნება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და ამ თვალსაზრისითაც სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ გერმანიაში. გერმანია არის სწორედ იმის სიმბოლო, თუ როგორ შეიძლება მოთმინებით გაამთლიანო საკუთარი ქვეყანა. მოთმინებით ელოდებოდა ათწლეულების განმავლობაში გერმანია გაერთიანებას, გამთლიანებას და საბოლოოდ, 1989 წელს, გერმანელებს ეს ოცნება აუხდათ.
ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების ახდენა, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში. ეს ბავშვები აუცილებლად იცხოვრებენ ევროკავშირში, იცხოვრებენ ერთიან საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, და ეს მოხდება ძალიან მალე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში ლევან იზორიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს ელჩები ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და გერმანელი სტუმრები“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.