სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ელჩებს მიმართავს: ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ელჩებს მიმართავს: ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა

ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და საქართველოს ელჩებს მიმართა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ელჩებს უცხო ქვეყნებში დიდი პასუხისმგებლობა აქვთ, რადგან ისინი წარმოადგენენ საქართველოს, მის ინტერესებს, წარსულსა და მომავალს.

„საქართველოს ელჩებო, მოგმართავთ თქვენ. მოგმართავთ დღეს, რამეთუ აქამდე არც დიპლომატის დღეზე, არც ამბასადორიალზე, არც რომელიმე სხვა ღონისძიებაზე არ მომეცა საშუალება, მომემართა თქვენთვის. სხვათა შორის, სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნა როცა მიწევს, იქაც, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ვხვდებით. დღეს ჩავთვალე, რომ საჭირო იყო მომემართა თქვენთვის, რამეთუ თქვენ, ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი ყველა ელჩი გუშინ და დღეს შეკრებილნი ხართ ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში, შუაგულ ევროპაში. იმ ქვეყანაში, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ჩვენი მხარდამჭერია და მთელ ამ გზაზე მოგვყვებოდა და მხარს გვიჭერდა. ქვეყანა, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი ასოცირების გადაწყვეტილებისას, ასევე ვიზალიბერალიზაციისა, დაბოლოს, ამ ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომლითაც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. თქვენ ზუსტად იქ ხართ, ამ შუაგულ ევროპაში და იქ ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, თურმე საქართველო 2030 წელს (თუ როდის არ ვიცი) მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას.

შაბათ-კვირას ვიმყოფებოდი შვეიცარიაში, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ევროპელ ლიდერს შევხვდი და ისინი მეკითხებოდნენ, რას ნიშნავს, რომ „საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“, „მაინც“ რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არა მხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და თვითონ არ ასრულებს არცერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე. სწორედ, დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა (ერთგვარად თეთრი შურით მშურს მისი) ხელი მოაწერა განკარგულებას, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს და ახლა ჩვენც ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით. ეს თქვენთვის იმ საქმის სწორი დაგვირგვინება იქნებოდა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რადგან კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ (დიდწილად ყოველ შემთხვევაში), რომლებიც აქამდე სწორედ ჩვენს ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არცერთ მთავრობასა და არცერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად, ჩვენი ხალხის დამსახურებაა – ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა. ამიტომ, მე დღეს მტკივა თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, თქვენ გწამთ იმისი, რაც გწამდათ აქამდე. ამაში, მინდა ვიყო დარწმუნებული. მართალია, საჯარო მოხელეებს არ მოეთხოვებათ, რაღაცნაირად პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რასაც მათ კარნახობენ, მაგრამ ელჩები უცხო ქვეყნებში და მით უმეტეს, ევროკავშირში, რომლებიც დღეს საქართველოს წარმოადგენენ, არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები და ბევრად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, რამეთუ ისინი წარმოადგენენ ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. მთავრობები მიდიან და მოდიან. თქვენ წარმოადგენთ ქვეყანას, მის ინტერესებს, მის წარსულს, მის მომავალს და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამიტომ, არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

amo ღმერთო, კი ვაშავებთ, მაგრამ ამ ზომით?
4 თვის უკან