გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. ამერიკაში) საკანონმდებლო ორგანო სხვას თითქმის არაფერს აკეთებს მთელი წლის განმავლობაში ბიუჯეტის განხილვის გარდა, უნდა დავასკვნათ: ჩვენმა პარლამენტმა ეს ურთულესი პრობლემა უმოკლეს ვადაში გადაწყვიტა. თუმცა, მიღებულია მხოლოდ პირველი კვარტალის ბიუჯეტი. მისი მთავარი მაჩვენებელი (დეფიციტი) 822 მილიარდს უდრის. აქედან 322 მილიარდი „ცენტრალური ბიუჯეტის“ დეფიციტია, 500 მილიარდი კი - „ადგილობრივი“ ბიუჯეტისა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დამატებით 200 მილიარდი კუპონი გამოჰყო ლტოლვილებისათვის, თანხა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და ტრილიონს გადააჭარბა.
რაკი ბიუჯეტი „ეკონომიკის სარკეა“, ტრილიონიანი დეფიციტი ზუსტად ასახავს ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობას. უფრო სწორად იმას, რომ ეკონომიკა დღეს ფაქტობრივად არ არსებობს. მეორდება ცნობილი სიტუაცია: მოსახლეობა ვითომ დადის სამსახურში და მუშაობს, ხოლო სახელმწიფო ასევე „ვითომ“ უხდის ხალხს ხელფასს, რომლითაც ერთ კილო კარტოფილს თუ შეიძენ თვეში.
და მაინც, განსაცვიფრებელია, მაგრამ ფაქტია: მასობრივად ხალხი შიმშილით არ იხოცება და ქუჩაში გვამები არ ყრია. ამის პირველი მიზეზი ალბათ ის არის, რომ ჯერ კიდევ „საბჭოთა“ პერიოდში საქართველოში ხელფასზე (ანუ ხელფასით - მისი მეშვეობით) მოსახლეობის ზოგიერთი სოციალური კატეგორია თუ ცხოვრობდა. დანარჩენთათვის ხელფასი მხოლოდ „დანამატი“ იყო სხვადასხვა შემოსავალზე, რასაც მაშინ „უშრომელს“ უწოდებდნენ. ეს გამოცდილება დღეს ნამდვილად გვეხმარება.
მეორე მიზეზი: ექვსთვიანი ომისა და ჭიდილის შემდეგ, ხელისუფლებამ როგორც იქნა შეძლო პურზე „საბარათო სისტემის“ შემოღება. ედუარდ შევარდნაძემ თავად აღიარა: „პურის მაფია“ გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა. ეს კიდევ ერთი მაგალითია ჩვენი სახელმწიფოს სისუსტისა: თავად სახელმწიფოს მეთაურიც კი ვერ ბედავს საჭირო გადაწყვეტილების მიღებას, თუკი იგი გარკვეული სოციალური ჯგუფების ინტერესებს არ შეესაბამება.
იქნებ ვინმეს გადაჭარბებად მოეჩვენოს, მაინც ვიტყვი: პურზე რიგების მოხსნა არის ამ ხელისუფლების ჯერჯერობით ერთადერთი რეალური გამარჯვება, მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში. მაგრამ ეს მაინც გამარჯვებაა! ნებისმიერი გამარჯვება კი იმდენად „ჯანსაღადშობილია“, რომ მისი გაჩენა ყოველთვის მიუთითებს უკეთესობისაკენ და ამდენად, ყოველთვის სასიხარულოა.
გარკვეულ სოციალურ ჯგუფთა კერძო ინტერესების ამოფრქვევა იგრძნობოდა აგრეთვე იმ რეაქციაშიც, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის გამოსვლას მოჰყვა. რაც უფრო მეტ ბოღმასა და სიძულვილს გადმოაფრქვევენ მის მიმართ, მით უფრო მეტად უნდა დავრწმუნდეთ: საქართველოს უკვე „ძუნწი“ ბანკირი ჰყავს, რომელიც ჩვენს ქონებას ასე ადვილად არ გაანიავებს. სწორედ ამიტომ, მას მხარდაჭერა სჭირდება.
ბიუჯეტის განხილვის დროს გამართული დისკუსია რამდენიმე ფრიად მნიშვნელოვან მომენტს მოიცავდა: უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ კვლავ დაადასტურა თავისი სრული უუნარობა - შექმნას დამოუკიდებელი ეკონომიკის თუნდაც საფუძვლები. გაცილებით უფრო საინტერესოა, რომ მას ამის არანაირი სურვილი არ აღმოაჩნდა, რადგან, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ ძალზე ნაადრევად და ძალზე ფერად ფერებში გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა“.
სახელმწიფოს მეთაურმა კი ეკონომიკის გადარჩენის საკუთარი კონცეფცია ერთი წინადადებით ჩამოაყალიბა: „საქართველოს ეკონომიკის ძირითადი ტვირთი სახელმწიფოს სექტორმა უნდა ზიდოს“.
ძალზე ნიშანდობლივი განცხადებაა! ამის შემდეგ თენგიზ სიგუამ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა თავის ყოფილ თანამებრძოლებს, რომლებთან ერთად ადრე გააფთრებით უტევდა ბესარიონ გუგუშვილის „სახელმწიფო კაპიტალიზმის“ თეორიას.
ალბათ თავად სახელმწიფოს მეთაურმაც უნდა განმარტოს - რაშია საქმე. თუ მას მიაჩნია, რომ საქართველოში „დემოკრატიული რევოლუცია“ უკვე მოხდა, ამ რევოლუციის უპირველესი მიზეზიცა და მიზანიც ხომ სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შეცვლაა?
ედუარდ შევარდნაძის გამოსვლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი „კვანძი“ შეიკრა: სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მისი ბრძანებით დაილუქა თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტაცია და ალბათ კომპეტენტური კომისია დაიწყებს იმის გარკვევას, რა სახის ფინანსურ საქმიანობას ეწეოდა ამ სამინისტროში თენგიზ კიტოვანი თენგიზ სიგუას პრემიერმინისტრობის დროს.
„200 მილიონის“ საქმე ნახსენები არ ყოფილა, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ეს გარკვეული რეაქციაა იმ გაუთავებელ ბრალდებებზე, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი უყენებს დღეს სახელმწიფოს მეთაურს. თავად მეთაურის გადაწყვეტილება კი ცოტა არ იყოს დაგვიანებულია: თუ რაიმე ეჭვი არსებობდა ზემოთხსენებული საქმიანობის შესახებ, ეს ეჭვი ჯერ კიდევ ომის დროს უნდა გარკვეულიყო და არა აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ.
აქ იკვეთება ედუარდ შევარდნაძის ერთი თვისება: იგი ერიდება გართულებებს. ეს კი დაუშვებელია - სათქმელი თავის დროზე უნდა ითქვას მაგრამ როგორც ჩანს ამას გაცილებით მეტი ვაჟკაცობა სჭირდება, ვიდრე თვით ყველაზე გააფთრებული დაბომბვის დროს სოხუმში ჩასვლას.
სამწუხაროდ, თენგიზ კიტოვანი თბილისში არ იმყოფება და ამიტომ საკითხის მისეული განმარტება საზოგადოებისათვის უცნობია.