ეს პირდაპირი მნიშვნელობით წინასაარჩევნო პროცესის დაფინანსებაა, რომელთან შემხებლობა, რა თქმა უნდა, NDI-ს არ უნდა ჰქონდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“ შეფასებისას.
მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ NDI-ს ფუნქცია პირველ რიგში არის სადამკვირვებლო მისია. მისი განცხადებით, ის, რომ NDI პარტიებს გაძლიერებაში ეხმარება, არის გასაგები, მისაღები და აპრობირებული საქართველოში, უკვე წლების განმავლობაში.
„შიდაპარტიული საორგანიზაციო საკითხების დაფინანსება, პარტიის შიდა გაძლიერება, სტრუქტურების გაძლიერება მისასალმებელია, ეს პროგრამა დიდი ხანია, მოქმედებს და ამაში ცუდი ან კანონსაწინააღმდეგო არაფერია. მაგრამ როდესაც ერთის მხრივ, არჩევნების შემდგომ დასკვნები უნდა დადოს არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა NDI-ს, მაგრამ მეორეს მხრივ, აკეთებს იმას, რომ რადიკალ ოპოზიციონერებს მათ ამომრჩევლებთან თუ პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრას უორგანიზებს და ამაში იხდის ფულს, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის ამერიკის ამ კონკრეტული ორგანიზაციიდან ოპოზიციონერების დაფინანსების ფაქტი, რაც პირდაპირი მნიშვნელობით წინასაარჩევნო პროცესის დაფინანსებაა, რომელთან შემხებლობა რა თქმა უნდა, NDI-ს არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არის წინასაარჩევნო პროცესის დაფინანსება იმის მიუხედავად, ოფიციალურად უკვე დაიწყო თუ არა წინასაარჩევნო კამპანია.
„როდესაც რადიკალი ოპოზიციონერებისგან შემდგარი ჯგუფი დადის, სხვადასხვა ქალაქში ხვდება საზოგადოების ნაწილს და საკუთარ შეხედულებებს, ხედვებსა და პლატფორმას აცნობს, რა არის ეს, თუ არა წინასაარჩევნო კამპანია? NDI-მ ყველაზე კარგად იცის, რომ ამ სიბრტყეში სწორედ რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უხდის რადიკალ ოპოზიციონერებს ფულს, როდესაც NDI-მ ეს ფული შეიძლება, გადაიხადოს პარტიის გასაძლიერებლად, რაც საერთოდ არ გულისხმობს იმას, რომ წინასაარჩევნო, ამომრჩევლებთან შეხვედრები უნდა დააფინანსოს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.