მიხალ პოდოლიაკი: რუსეთის მხრიდან არანაირი ახალი „სამშვიდობო“ შეთავაზებები არ არის, აგრესორის განცხადების შინაარსი საერთაშორისო სამართლისთვის უაღრესად შეურაცხმყოფელია

მიხალ პოდოლიაკი: რუსეთის მხრიდან არანაირი ახალი „სამშვიდობო“ შეთავაზებები არ არის, აგრესორის განცხადების შინაარსი საერთაშორისო სამართლისთვის უაღრესად შეურაცხმყოფელია

არანაირი ახალი „სამშვიდობო შეთავაზებები“ რუსეთის მხრიდან არ არის. პუტინმა მხოლოდ „აგრესორის სტანდარტული ნაკრები“ გააჟღერა, რომელიც ბევრჯერ მოვისმინეთ, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხალ პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო წინადადებას.

„მისი შინაარსი საკმაოდ კონკრეტულია, უაღრესად შეურაცხმყოფელი საერთაშორისო სამართლისთვის და აბსოლუტურად მჭევრმეტყველად მეტყველებს რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უუნარობაზე ადეკვატურად შეაფასოს რეალობა. პუნქტობრივად რუსეთის წინადადება ასე გამოიყურება: 1. მოგვეცით თქვენი ტერიტორიები. 2. უარი თქვით, სუვერენიტეტზე და სუბიექტურობაზე. 3. დარჩით დაუცველები, არ გაწევრიანდეთ ალიანსებში. 4. სრულად და დაუყოვნებლივ გააუქმეთ, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, ყველა სანქცია, რათა შევძლოთ ჩვენი მილიტარიზებული ეკონომიკის შევსება და მეტი ინვესტიციების განხორციელება საინფორმაციო პროვოკაციებში მთელს მსოფლიოში და რაც მთავარია, 5. სასწრაფოდ გამოვასწოროთ რუსეთის მარცხი უკრაინის ხარჯზე“, – დაწერა მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა  უკრაინას დღეს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა შესთავაზა.

როგორც პუტინმა თქვა, დიალოგის დაწყებისთვის საჭიროა, რომ უკრაინამ ჯარები გაიყვანოს დონეცკისა და ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან, უარი თქვას, ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე, ყველა დასავლური ანტირუსული სანქცია უნდა მოიხსნას, ასეთ შემთხვევაში რუსეთი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის.

პუტინის თქმით, რუსეთი ასევე გარანტიას იძლევა დონბასიდან და ნოვოროსიიდან უკრაინული შენაერთების შეუფერხებლად, უსაფრთხოდ გაყვანაზე, თუ ასეთი გადაწყვეტილება კიევში იქნება მიღებული.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს.

მისივე განცხადებით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.