უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო პირობებია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან უკრაინული ჯარების გაყვანა და კიევის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენი პირობები ასეთი საუბრის დასაწყებად მარტივია - უკრაინის ჯარები სრულად უნდა გაიყვანონ დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან, ამ რეგიონების მთელი ტერიტორიიდან. როგორც კი კიევში განაცხადებენ , რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან და ასევე ოფიციალურად განაცხადებენ ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმის შესახებ, ჩვენი მხარე დაუყოვნებლივ, იმავე წუთში გასცემს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების ბრძანებას“, - აღნიშნა პუტინმა.