რუსეთის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, - ინფორმაციას რუსული მედია უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეფ-ეს-ბე“-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული დაჯგუფება „ქართული ეროვნული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ამ გადაწყვეტილების და "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის საფუძველზე, ფორმირება შეტანილი იქნა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული ორგანიზაციების ერთიან ფედერალურ სიაში“, - აცხადებენ „ეფ-ეს-ბე“-ში.

მათი ინფორმაციით, ფორმირება 2014 წელს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პატრონაჟით შეიქმნა და ამჟამად მისი წევრები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს და ასევე, მონაწილეობენ რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში.

„ეფ-ეს-ბე“-ში აცხადებენ, რომ განაგრძობენ ზომების მიღებას „ტერორისტული ორგანიზაცია „ქართული ეროვნული ლეგიონის“ წევრების მხრიდან საფრთხეების იდენტიფიცირებისა და აღკვეთის მიზნით“.

„ქართული ლეგიონი“ რუსეთში ტერორისტულად აღიარებული 51-ე ორგანიზაცია გახდა. მანამდე, 2023 წლის დეკემბერში, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“.