„ისე ძვალსა და რბილში აქვთ ძალადობა გამჯდარი, რომ ახლაც კი, როცა ხელისუფლებაში არ არიან, ძალადობის სურვილს ვერ მალავენ. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მათ ხელში იყო ბერკეტი და ფიზიკურად ახორციელებდნენ ძალადობას,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა და დასძინა, „სწორედ, ამ მუქარის აღსრულებას აპირებენ, თუ ღმერთმა არ ქნას და ხელისუფლებაში მოვიდნენ“.
ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ ხალხი არჩევნებზე შეცდომას მეორედ არ დაუშვებს და რადიკალურ ოპოზიციას არ მისცემს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას.
„გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევარდებიან სახლებში და წმენდას დაიწყებენ, არის პირდაპირი მუქარა. აღსანიშნავია, რომ მუქარის შემცველი განცხადება, მხოლოდ გუბაზ სანიკიძისგან არ მოგვისმენია. ასეთი განცხადებები ხშირად იყო სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგანაც. მიტინგებზე პოლიციელები საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად როცა იდგნენ, მათაც კი ემუქრებოდნენ - ვიცით თქვენი სახელი და გვარები, გვაქვს თქვენს შვილებზეც ინფორმაციაო რატომღაც ასეთი მუქარა, არც დასავლეთს და არც ოპოზიციას არ დაუგმია. მათთვის ერთი მხრიდან ძალადობა მისაღებია, ხოლო მეორე მხარეს, სადაც მათივე ძალადობაზეა პასუხი, თურმე მიუღებელია.
გუბაზ სანიკიძის მუქარა წამოცდენა არ არის, ეს არის მათი მომავალი სცენარის ნაწილი. ასე ფიქრობს მათთან ყველა, რადგან მარტო სანიკიძეს არ გაუკეთებია მუქარის შემცველი განცხადება. სწორედ ამ მუქარის აღსრულებას აპირებენ, თუ ღმერთმა არ ქნას და ხელისუფლებაში მოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შეცდომას ხალხი მეორედ არ დაუშვებს და ესენი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. წარმოიდგინეთ, ისე ძვალსა და რბილში აქვთ ძალადობა გამჯდარი, რომ ახლაც კი, როცა ხელისუფლებაში არ არიან, ძალადობის სურვილს ვერ მალავენ. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ხომ მათ ხელში იყო ბერკეტი და ფიზიკურად ახორციელებდნენ ძალადობას. წარმოიდგინეთ, ესენი რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ან რომ მოვიდნენ, რას გააკეთებენ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.