„საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ზოგიერთმა დასავლელმა პარტნიორმა, რომელთათვისაც მიუღებელია საქართველოში მოქმედი ხელისუფლება, გამჭვირვალობის კანონი იმისთვის გამოიყენეს, რომ ქვეყანაში აეწიათ ტემპერატურა და ვითომდა გაბრაზებული ხალხის ხელით გამოეწვიათ ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ საქართველოში განვითარებულ პროცესებზე.
ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ დასავლელი „პარტნიორების“ მიერ დაფინანსებული ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მოხდა საზოგადოების აგრესიული ნაწილის ორგანიზება და მათი ქუჩაში კანონის მიღების წინააღმდეგ გამოყვანა. კანონი მათთვის, როგორც „ხალხის ძალის“ წევრი მიიჩნევს, ხელისუფლების შეცვლის საბაბი იყო.
„გამჭვირვალობის კანონზე მთელი ამბავი ატეხილი იყო არა მისი შინაარსის გამო, არამედ რევოლუციისთვის, რომლის ტრიგერად კანონს იყენებდნენ. თორემ, კანონს რომ დავუკვირდეთ, მასში ისეთი არაფერი წერია, გარდა იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გაასაჯაროონ თავიანთი ფინანსები, თუ მიღებული თანხების 20 % უცხოეთიდან შემოდის. ამაში განსაკუთრებული არაფერია. ყველამ იცის, რომ თუ დონორთან გაქვს ურთიერთობები, ანგარიშები არის გამჭვირვალე და ერთი დამატებითი ვებ-გვერდის შემოღება, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში შემოსული თანხების გამჭვირვალობა იხილოს, დიდი არაფერი ვალდებულებაა ამ ორგანიზაციების მხრიდან.
მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ზოგიერთმა დასავლელმა პარტნიორმა, რომელთათვისაც მიუღებელია საქართველოში მოქმედი ხელისუფლება გამჭვირვალობის კანონი იმისთვის გამოიყენეს, რომ ქვეყანაში აეწიათ ტემპერატურა და ვითომდა გაბრაზებული ხალხის ხელით გამოეწვიათ ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ თავად კანონი რიგითი მოქალაქეებისათვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, რამეთუ ის უზრუნველყოფს ქვეყანაში შემოსული თანხების გამჭვირვალობას. „რომ დავუკვირდეთ, ჩვეულებრივ მოქალაქეს ეს კანონი ხელს არაფერში უშლის. პირიქით, მის ინფორმირებულობას ემსახურება. რა თქმა უნდა, კანონის არმიღებით დაინტერესებულები აღმოჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, იმიტომ კი არა, რომ არც მათ სურთ ამ ინფორმაციის გამჟღავნება, არამედ იმიტომ, რომ მათ დონორები დაფინანსების შეჩერებით აშინებდნენ. იყო დონორების გარკვეული ნაწილი, რომელიც ამ მუქარას ახორციელებდა. მათ მხარი აუბეს ყალბმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთა გავლითაც ხორციელდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური ლიდერის დაფინანსება, რაც ჩვენ დადასტურებულად ვიცით. ისინი, ბუნებრივია, კანონის წინააღმდეგი იქნებოდნენ.
თუმცა, ისე მოხდა, რომ საზოგადოების საკმაოდ აგრესიული ნაწილი (არ დაგვავიწყდეს, რომ ამ აგრესიული ნაწილის დაფინანსება დონორების მხრიდან უწყვეტად მიმდინარეობდა) გამოიყვანეს ამ კანონის წინააღმდეგ ისეთი ნარატივით, რომ ეს კანონი არის რუსული. ესეც ვერაფერი არგუმენტია იმიტომ, რომ არ და ვერ შემოდიოდნენ დებატებში, როგორც დამკვეთებისაგან ამის პირდაპირი მითითება ჰქონდათ. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც მათ რჩებოდათ რუსულობასთან დაკავშირებით ის იყო, რომ რუსეთმაც ასე დაიწყო და მერე გაამკაცრა კანონი, რაც ძალიან კომიკური არგუმენტი აღმოჩნდა, რადგან თუ კანონს გავამკაცრებდით, შემდეგ გაეპროტესტებინათ ეს ცვლილება" - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.