ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ვინ დასანქცირდება. მნიშვნელოვანია ქვეყანა გადარჩეს. ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის ერთგვარი სანქცია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოუწერა ქვეყანას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„ის შიში, რომელიც „ოცნების“ წარმომადგენლებს აქვთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არის გაცილებით დიდი, ვიდრე ის დისკომფორტი, რომელიც მათ შეიძლება, ინდივიდუალური სანქციებისგან მიიღონ და შეექმნათ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, პირადად ვინ, როგორ დასანქცირდება და ვის მოგზაურობა შეეზღუდება. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადარჩეს. ამათ ხელში ქვეყანა იქნება საბოლოო ჯამში სანქცირებული და ის ფაქტი, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე ვერ გადავალთ და მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის ერთგვარი სანქცია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოუწერა ჩვენს ქვეყანას. კარს მოგვადგა არჩევნები, რეჟიმი უნდა შევცვალოთ, გავუშვათ სახლებში და შემდგომ უკვე დემოკრატიული, კოალიციური, ახალი პროდასავლური მთავრობა დაჩქარებული წესით დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.