შალვა პაპუაშვილი საარჩევნო დამკვირვებლებზე: არც ერთს დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, რომ ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას იმით, რომ საარჩევნო კამპანიაში ერევა, მათ შორის კანდიდატურის შეთავაზებით, რომელიც ამ არჩევნებს არც ეხება

შალვა პაპუაშვილი საარჩევნო დამკვირვებლებზე: არც ერთს დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, რომ ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას იმით, რომ საარჩევნო კამპანიაში ერევა, მათ შორის კანდიდატურის შეთავაზებით, რომელიც ამ არჩევნებს არც ეხება

არც ერთს დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, რომ ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას იმით, რომ საარჩევნო კამპანიაში ერევა, მათ შორის კანდიდატურების შეთავაზებით თუ დასახელებით, რომელიც ამ არჩევნებს არც ეხება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო დამკვირვებლების შესახებ.

შალვა პაპუაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ აღნიშნა, რომ თავად ეს ფაქტიც არის კონსტიტუციის დარღვევა.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურ აბსურდში, სადაც თითქოს, ამ ქვეყანაში არიან მიუკერძოებელი საარჩევნო დამკვირვებლები - ადგილობრივი თუ საერთაშორისო, მათ შორის, იცით, რომ ზოგიერთი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია უკვე მუშაობს, ადგილობრივები ხომ ისეც ბევრია და მუშაობენ. არც ერთს დღემდე არ გაუკეთებია განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას და კანონმდებლობას იმით, რომ ის საარჩევნო პოლიტიკაში, კამპანიაში ერევა მათ შორის კანდიდატურების შეთავაზებით თუ დასახელებით, რომელიც ამ არჩევნებს არც ეხება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია უცხოელი პატრონების მიერ დასახული გეგმის მიხედვით მოქმედებენ.

„ეს გაპრანჭვა, რაც ამ ღალატის და ომის ქარტიის ხელმომწერებს აქვთ, გავა ცოტა ხანში და ყველა ნახავს, რომ ყველაფერი მიჰყავთ ერთი სიისაკენ. თავიდან არ უნდოდათ და გვაპარებენ ახლა ნელ-ნელა. ერთი სიაც იქნება, სალომე ზურაბიშვილიც იქნება ამ რადიკალური ფრთის მონაწილე. ამას დიდი ხანია, ხედავს ყველა, უბრალოდ, თვალში ნაცარს გვაყრიან, თითქოს განხილვის რაღაც პროცესი მიდის. არანაირი პროცესი არ არის, რა გეგმაც მათ დაუდეს მათმა უცხოელმა პატრონებმა, ზუსტად იმ გეგმას მიჰყვებიან. რასაც ეტყვიან ქალბატონ სალომეს თუ ოპოზიციას, ზუსტად ისე მოიქცევიან”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.