ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია ამ ინიციატივას, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაჯილდოებულიყვნენ ღირსების ორდენებით, თუმცა, ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ეს ვერ შეუშლის ხელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას.
“შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია ამ ინიციატივას, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაჯილდოებულიყვნენ ღირსების ორდენებით, თუმცა, ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება და ჩვენს ფეხბურთელებს აღნიშნული ორდენები, რომლის ინიციატორები გახლდათ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, აუცილებლად გადაეცემათ. რა საკვირველია, ეს ვერ შეუშლის ხელს ჩვენს ნაკრებს წარმატებულ თამაშში. მინდა, მთელი გულით ვუსურვო მათ გამარჯვება და კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ სრულიად საქართველო გგულშემატკივრობთ, ბიჭებო და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება წარმატებული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის და ქვეყნისთვის”, - განაცხადა კახა კალაძემ.