იოლი არ იქნება, ვიცით, ვის ვეთამაშებით - საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ არც მათთვის იქნება იოლი, ვინაიდან ჩვენც საკმაოდ კარგი გუნდი ვართ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
„ევროპის ჩემპიონატი არის ტურნირი, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. ამ ტურნირზე ისე ვერ მოხვდები, თუ არ იმსახურებ და არ ხარ ძლიერი. ცხადია, რომ ფავორიტების როლში ვერ ვიქნებით და ესეც გასაგებია, იმიტომ რომ პირველად ვთამაშობთ. ლოგიკურია, რომ უფრო მეტი დაძაბულობა და ნერვიულობა იქნება, თუმცა ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ გვყავს ისეთი გუნდი, რომ საკმაოდ კარგი შედეგი გვქონდეს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს: ბევრი ტურნირი გვინახავს, სადაც სიურპრიზები მომხდარა დებიუტანტ გუნდის მხრიდან, რომლისგანაც ბევრს არაფერს ელოდებიან შედეგის კუთხით. თუნდაც პირველ თამაშში, თურქეთისთვის მოგების გარდა ნებისმიერი შედეგი ძალიან ცუდი იქნება. შესაბამისად, მათაც აქვთ ეს წნეხი და ზეწოლა უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ ვართ და უბრალოდ მონაწილეობას ვიღებთ. გვინდა უფრო მეტი - ამის მოლოდინიც გვაქვს, შესაძლებლობაც და, რაც მთავარია, ამის გვჯერა“, - აღნიშნა კობიაშვილმა.