სვიმონ ჯანგულაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე: ამ ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანა არის ერთ-ერთი უდიდესი შენაძენი ქართული კულტურისთვის, ქართული მეცნიერებისთვის. ეს არის საოცარი ძეგლი

სვიმონ ჯანგულაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე: ამ ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანა არის ერთ-ერთი უდიდესი შენაძენი ქართული კულტურისთვის, ქართული მეცნიერებისთვის. ეს არის საოცარი ძეგლი

ამ ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანა არის ერთ-ერთი უდიდესი შენაძენი ქართული კულტურისთვის, ქართული მეცნიერებისთვის. ეს არის საოცარი ძეგლი, - ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თავისი მნიშვნელობით თითქმის არ ჰყავს სწორი ამ ძეგლს და მისი აქ ჩამოტანა უნდა უხაროდეს ყველას, ვისაც უყვარს საქართველო და ვინც ხვდება საერთოდ კულტურის, მუსიკის, ლიტერატურის, ლიტურგიკის მნიშვნელობას კაცობრიობისათვის.

„ჯერ ერთი ის მე-19 საუკუნის შემდეგ მეცნიერულად არავის შეუსწავლია და თანამედროვე კვლევის მეთოდებით, ისევე, როგორც თანამედროვე აპარატურით, ის მოელის შემდგომ შესწავლას. მაგის გარდა, როგორც ვიცით, ეს არის პალიმფსესტი, ანუ მასზე არის ძველი და ახალი ტექსტი და ძველი ტექსტი რაც არის, იქ არის იერუსალიმის ლექციონარის ფრაგმენტი. ეს მსახურება, იერუსალიმური ღვთისმსახურება, რომელიც მე-10, მე-11 საუკუნემდე, მთელი ქრისტიანული აღმოსავლეთისათვის, მათ შორის, საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი, ასეთი ლიტურგია, ამისი ბერძნული ორიგინალი შემორჩენილი არ არის. მხოლოდ ფრაგმენტულად არის შემორჩენილი ქართულ და სომხურ ხელნაწერებში და არამეულ ენაზე ამ ძეგლის არსებობა უკვე თავისთავად ძალიან დიდი სამეცნიერო სენსაციაა, ძალიან დიდი ამბავია და დიდ მნიშვნელობას გვაძლევს. მაყურებელმა რომ გაიგოს, ეს მარტო ლიტურგიკის ისტორიისთვის კი არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა უკვე ეს ფაქტიც, რომ ლიტურგიკის ისტორიისთვის ძალიან დიდი ძეგლია, უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობას სძენს ამ ხელნაწერს.

ჩვენ რომ ვსწავლობთ ამა თუ ეპოქის ლიტურგიას ან რაიმე კულტურულ მოვლენას, ჩვენ ვსწავლობთ ამ პროცესთან დაკავშირებულ სხვა კულტურის დარგებსაც. დავუშვათ, ლიტერატურას, როგორი საგალობლები იგალობებოდა მაშინ. რა იყო უფრო ქრისტიანობამდელი, ძველი ბიბლიური შემადგენელი მსახურებისა და რა იყო ახალი ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის ძეგლი. ანუ, ეს გვაძლევს მთელი მაშინდელი ქართული და უფრო მეტიც, ბიზანტიური კულტურის სურათს.

ეს არის უნიკალური. თავისი მნიშვნელობით თითქმის არ ჰყავს სწორი ამ ძეგლს და მისი აქ ჩამოტანა უნდა უხაროდეს ყველას, ვისაც უყვარს საქართველო და ვინც ხვდება საერთოდ კულტურის, მუსიკის, ლიტერატურის, ლიტურგიკის მნიშვნელობას კაცობრიობისათვის, ისტორიისა და ზოგადად, მეცნიერების მნიშვნელობას კაცობრიობისთვის“, - აღნიშნა სვიმონ ჯანგულაშვილმა.