დავით ქართველიშვილი: ანტიდასავლური განწყობების მთავარი ექსპორტიორი ისევ და ისევ

დავით ქართველიშვილი: ანტიდასავლური განწყობების მთავარი ექსპორტიორი ისევ და ისევ "გლობალური ომის პარტიაა", რაც მის უძლეველობასა თუ IQ-შესაძლებლობებში არსებულ მითებსა და ლეგენდებს აშკარად ეჭვქვეშ აყენებს

"რაც უფრო მეტი ქვეყანა იქნება თეთრი სახლის სანქციების ქვეშ, მით უფრო ძლიერი გახდება ანტიამერიკული ბლოკი." - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი მიმოიხილავს სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკების მდგომარეობას ამ ქვეყნების ამერიკის მიერ დასანქცირების შემდეგ და აღნიშნავს, რომ სანქციებს ნაცვლად ქვეყნების დასუსტებისა აქვს უკუეფექტი და იწვევს ამ ქვეყნების ეკონომიკების ზრდას და გარკვეული ალიანსების შექმნას.

"შტატები და სანქციები, როგორ მუშაობს ეს კომბინაცია. დავიწყოთ ირანით, რომელიც სანქციების ქვეშ იმყოფება 1979 წლიდან. მან მოახდინა თავისი ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია: ნავთობით ვაჭრობის შეზღუდვების მიუხედავად, მაინც გაზარდა ნავთობპროდუქტების, მსუბუქი სამრეწველო საქონლის, სოფლის მეურნეობისა და თავდაცვითი სისტემების ექსპორტი.

გავაგრძელოთ ჩინეთით, რომელმაც გაატარა ფართომასშტაბიანი რეფორმები ეკონომიკის დენაციონალიზაციისა და საბაზრო ინსტიტუტების შექმნის დასაჩქარებლად. უცხოური კაპიტალისთვის გახსნა ადრე დახურული ინდუსტრიები და ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უკვე 1993 წლისთვის აღადგინა.

შემდეგი "გაჩერება" რუსეთია, სადაც იმპორტის ჩანაცვლების, ახალი სავაჭრო პარტნიორების ძიების და შიდა რეზერვების გააქტიურების გამო, უკვე 2023 წელს (წინასწარი შეფასებით) ინდუსტრიულმა ზრდამ 5%-ს გადააჭარბა. ამავდროულად, სანქციების ქვეშ მყოფი რუსული ბანკები და სასაქონლო კომპანიები აჩვენებენ რეკორდულ მოგებას და რეკორდული დივიდენდების შემოსავალს, შიდა ინდუსტრია კი სწრაფად იზრდება - ასე რომ, რუსეთი გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში.

სანქციების ქვეშ მყოფმა ყველა დანარჩენმა ქვეყანამ გაზარდა ვაჭრობა იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც არ შეუერთდნენ მათ წინააღმდეგ ბლოკადას, გაატარეს ეკონომიკური რეფორმები და იპოვეს გზები ნედლეულისა და ენერგიის ექსპორტზე შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად.

ანუ, აშშ გლობალურ მსოფლიო ომამდე ვითარების მიყვანის გარეშე, თავდაპირველად ცდილობს ამ ქვეყნების დაშლას ეკონომიკური სანქციების მეშვეობით, მაგრამ შემდგომ გაოგნებული ხვდება - ამან არათუ ვერ მოახდინა დამანგრეველი ეფექტი, არამედ განაპირობა ამ ქვეყნების აღმშენებლობის დაწყება. ასევე ტრიგერის როლი ითამაშა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში - შტატების მიერ დაჩაგრული ქვეყნები აყალიბებენ ახალ ალიანსებს, რომლებიც ერთობლივად ეწინააღმდეგებიან ამერიკულ სანქციებს.

რუსეთის, ჩინეთის, ვენესუელას, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ეკონომიკებმა შეძლეს არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ ზრდის გარკვეული იმპულსების პოვნა. დღეს "რუსეთი-ირანი-ვენესუელა"-ს ღერძი ასოცირდება ნავთობის უზარმაზარ მარაგთან და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასთან. ირანი და რუსეთი ასევე ძლიერია სოფლის მეურნეობის სფეროში. ჩინეთს აქვს თანამედროვე ტექნოლოგია. რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი წამყვან პოზიციებზე არიან იარაღის (მათ შორის თანამედროვე) წარმოებაში.

გარდა ამისა, სწორედ ჩინეთისა და ირანის მეშვეობით სხვა ქვეყნები იღებენ საქონელს, რომელსაც სანქციების გამო ვერ იღებენ. ამის მაგალითზე იუწყება The Wall Street Journal-ი: „ირანი ასევე აწვდის იარაღს ვენესუელას, ტექნიკურ დახმარებას უწევს მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და ამარაგებს მას სხვა სანქცირებული საქონლით. ამის სანაცვლოდ, კარაკასი ამარაგებს ირანს ოქროთი ორინოკოს აუზის უზარმაზარი საბადოებიდან“.

აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია მარტივი დასკვნა: რაც უფრო მეტი ქვეყანა იქნება თეთრი სახლის სანქციების ქვეშ, მით უფრო ძლიერი გახდება ანტიამერიკული ბლოკი. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ურჩ სახელმწიფოებში ევროსკეპტიციზმისა თუ ანტიდასავლური განწყობების მთავარი ექსპორტიორი ისევ და ისევ "გლობალური ომის პარტიაა", რაც მის უძლეველობასა თუ IQ-შესაძლებლობებში არსებულ მითებსა და ლეგენდებს აშკარად ეჭვქვეშ აყენებს." - წერს ქართველიშვილი.