“ხალხის ძალის” რეგიონული მდივანი, ვიქტორ ჯაფარიძე, თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია “გრასს”-ის წარმომადგენელმა, მარიამ წიწიკაშვილმა, მისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადა.
ჯაფარიძის განცხადებით, რადიკალებისგან მსგავს გამოხტომებს სერიოზულად აღარ აღიქვამს. რაც შეეხება იმას, რომ მან “პოლიციაში დარეკა” ან “ახალგაზრდა გოგო დააჭერინა” დეპუტატის თქმით, მსგავს ინფორმაციას სამარცხვინოები ავრცელებენ, ვინაიდან, პოლიცია ჯაფარიძის გარეშე ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას.
“მსურს გამოვეხმაურო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რომლის შემდეგაც ჩემს წინააღმდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ, საკუთარი მედიასაშუალებების გამოყენებით, ცილისმწამებლური, ბინძური, სამარცხვინო კამპანია წამოიწყო.
რეალურად, საქმე მარტივადაა: ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, როგორც ამ ხალხს სჩვევია, აეროპორტში სკანდალის მოწყობა სცადა და “გამჭვირვალობის კანონის” მხარდაჭერის გამო, შეურაცხყოფა მომაყენა.
რა თქმა უნდა, ამგვარ გამოხტომებს, მითუმეტეს რადიკალებისგან, სერიოზულად აღარ აღვიქვამ, ამიტომაც, ემოციური ფონის მიუხედავად, მალევე გავშორდი ამ სამარცხვინო სიტუაციას.
რაც შეეხება ინფორმაციებს - “ვიქტორ ჯაფარიძემ პოლიციაში დარეკა”, “ვიქტორ ჯაფარიძემ ახალგაზრდა გოგო დააჭერინა” - ვინც ამას ამტკიცებთ, სამარცხვინოები ხართ!
თქვენ წარმოიდგინეთ, აეროპორტში პოლიციის თანამშრომლები ვიქტორ ჯაფარიძის „მიწვევის“ გარეშეც ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას!
ჩემი თუ არ გჯერათ, ამას თავად ინციდენტში მონაწილე გოგონა დაადასტურებს, პოლიციელს „კანვასის“ ტრენინგებზე დასწავლილი მეთოდებით რომ ესაუბრებოდა და სპეკულაციურად მადლობას უხდიდა, აქაოდა, ვიქტორ ჯაფარიძისგან „მიცავო“.” - აღნიშნულია ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებაში.