საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონზე ჟურნალისტებთან საუბრობს.
კვიჟინაძე აცხადებს, რომ თავიდან ეს კანონი ევროკავშირის დახმარებით 2018 წელს იქნა მიღებული.
„ეს კანონი მივიღეთ 2018 წელს. ჩვენ ერთის მხრივ ვალდებულება გვქონდა ევროკავშირთან და მეორეს მხრივ, ევროკავშირი ძალიან მოგვეხმარა ამ კანონის მიღებაში. სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. მსოფლიო ბანკის ექსპერტები გვახლდნენ და მივიღეთ ერთ-ერთი საუკეთესო კანონი ევროპაში და ამას ყველა აღიარებს. ამას ამტკიცებს ისიც, რომ ხალხი გვენდო და იმაზე მეტი შემოვიდა საპენსიო სააგენტოში, ვიდრე ველოდით“-აღნიშნა კვიჟინაძემ.
კვიჟინაძე დეტალურად ხსნის დაგროვებითი პენსიის მუშაობის სტრუქტურას და აცხადებს, რომ ეს სისტემა არის ძალიან კარგი და წარმატებული.
„წარმოვიდგინოთ, 2 პროცენტს იხდის თვითონ პიროვნება, პირობითად ეს არის 100 ლარი, 100 ლარს გიხდის დამატებით დამსაქმებელი და კიდევ 100 ლარს გიხდის სახელმწიფო. ის 100 ლარი ავტომატურად ხდება 300 ლარი და შემდეგ ეს თანხა გამოიმუშავებს კიდევ თანხას. მაგალითად, 5 მილიარდი რომელიც არის სააგენტოს ანგარიშზე, მილიარდ ორასი მილიონი ამონაგებია. ამიტომ, ეს სისტემა არის ძალიან კარგი და წარმატებული. აქვე გეტყვით, რომ ოპოზიციას 2018 წელსაც არ დაუჭერია მხარი და რასაც ახლა ამბობენ გაამრავლეთ ათზე და იგივეს საუბრობდნენ მაშინაც რომ დაიქცევა, დაიკარგება და ა.შ. არაფერიც არ მომხდარა. ხედავთ, რომ ვითარდება და ყველაფერი კარგად მიდის.“-განაცხადა პაატა კვიჟინაძემ