გასულ კვირას, რამდენიმე ცნობილმა ქართველმა მეწარმემ, მათ შორის გოგი თოფაძემ და თემურ ჭყონიამ სენსაციური განცხადებებით კვლავ განიმტკიცეს „დისიდენტური იმიჯი“.
აქვე უნდა ითქვას, რომ თუ თოფაძისათვის ეს იმიჯი „ჩვეულია“ – „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი, თემურ ჭყონია, როგორც ჩანს, „ახალი დისიდენტია“. მისი თქმით, უახლოეს მომავალში იგი ყველაფერს გაყიდის და სამხრეთ ამერიკაში გადაიხვეწება. ალბათ, „კოკა-კოლას“ ქართველი დამფუძნებელი სამხრეთ ამერიკაში „კუპონების ჭრით“ აპირებს ცხოვრებას (რანტიეებისათვის ეს რეგიონი იდეალურადაა მიჩნეული) და არა „კოკა-კოლას“ წარმოებით, ვინაიდან სამხრეთ ამერიკა (ისევე, როგორც ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა, აფრიკა, იაპონია) ამ სასმელის დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის.
თემურ ჭყონიას „პენსიაზე“ გასვლა თითქოს იმის მაჩვენებელია, რომ მან „ყველაფერზე ხელი ჩაიქნია“, თუმცა არა მგონია, ამ შემთხვევაში „კოკა-კოლას“ პრეზიდენტი ბოლომდე გულწრფელი იყოს, ვინაიდან ის, რაც „გასაყიდი აქვს“, მხოლოდ მისი არ არის;
გარდა ამისა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საწარმოა, რომელიც ყბადაღებული ვალის მიუხედავად, გადასახადებს ბარაქიანად იხდის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ მათი განცხადება ბლეფია და ჭყონია სინამდვილეში მშობლიურ სანახებს არ გასცდება. „
ყოველ შემთხვევაში, რაიმე პოლიტიკური თუ „სამეწარმეო“ მოსაზრებებით ამგვარი რამ გამორიცხულია. მტრები ნაკლებად ჰყავს (ვინაიდან „კერძო ვალებს“ კეთილსინდისიერად იხდის), მეგობრები და მოკავშირეები კი – უთვალავი.
ჭყონიას განცხადება და ერთგვარი „ფრონდერული“ დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ უფრო იმ მიზანს ისახავს, რომ ამქრის წევრებს ლოიალობა დაუმტკიცოს.
ქართველ მეწარმეთა ამქარი ბოლო დროს სერიოზულადაა შეშფოთებული როგორც მემარჯვენე-ლიბერალთა შეუდრეკელი უკომპრომისობით, ასევე „მემარცხენეთა“ გააქტიურებით.
მემარჯვენე-ლიბერალთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ქართველმა მეწარმეებმა ისინი ვერაფრით დაარწმუნეს და ვერც აიძულეს, მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილებები (საზღვრების ჩაკეტვა, საბაჟო ტარიფების ზრდა), რომელიც, თავის მხრივ აიძულებდნენ ჩვენი ქვეყნის ისედაც გაუბედურებულ მოქალაქეებს, შეეძინათ „სამამულო წარმოების“ ძვირი და უხარისხო პროდუქცია ნაცვლად უცხოური - იაფი და ხარისხიანისა.
ამ თვალსაზრისით ქართველი მეწარმეების ხანგრძლივი ომი ხელისუფლების წინააღმდეგ უშედეგოდ დასრულდა. მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები არც პრეზიდენტმა და არც პარლამენტმა არ მიიღეს – ვერც მიიღებდნენ, ვინაიდან ისევ და ისევ ქვეყნის საბედნიეროდ, ეკონომიკური პროცესები საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის უმკაცრესი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.
სავალუტო ფონდის ექსპერტებს კი არაფერი გამოეპარებათ. მათ უდიდესი ავტორიტეტი აქვთ, - აქედან გამომდინარე, ისინი არაფრის დიდებით არ მისცემდნენ საშუალებას ყოფილ პარტიულ-სამეურნეო ხროვას ქართულ სუფრაზე „დედმამიშვილების“ გულისამაჩუყებელი სადღეგრძელოებით „ჩაეწყოთ“ ეროვნული ბანკის შეღავათიანი კრედიტები ან გაუმართლებელი პრივილეგიები – უცხოელ ინვესტორთა ან თუნდაც უცხოელ მეწარმეთა უფლებების შეზღუდვის ხარჯზე.
სამამულო წარმოების დაცვა ზოგიერთ ქართველ მეწარმეს ესმის, როგორც ადგილობრივი მწარმოებლის ჩაყენება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რათა მომხმარებელს არჩევის საშუალება არ ჰქონდეს.
ეს, რასაკვირველია, გაცილებით ადვილია, ვიდრე წარმოების მოდერნიზება, ტექნოლოგიების გაუმჯობესება და კონკურენტის „საკუთარ ბაზარზე“ დამარცხება ყოველგვარი პატერნალიზმისა და პროტექციონიზმის გარეშე.
იმავდროულად, მეწარმეებს სხვა საფრთხეც დაემუქრათ - გაძლიერდნენ მემარცხენეები (უპირველესად ლეიბორისტები), რომლებიც ქართველ ნუვორიშებს, ფაქტობრივად, ექსპროპრიაციით ემუქრებიან.
ეს საფრთხე გაცილებით სერიოზულია, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წნეხი: რაკი „ორ ცეცხლშუა“ აღმოჩნდნენ, მეწარმეებმა საკუთარი პარტიების შექმნა გადაწყვიტეს, მაგრამ წმინდა ქართული ჩვეულებისამებრ „პირველობა“ ვერ გაიყვეს და ახლა ერთმანეთს დაერივნენ.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება შეგხვდეს ისეთი ფენომენი, როგორიცაა აბსოლუტურად იდენტური მრწამსისა და პროგრამების მქონე მოღვაწეთა თუ ფიგურათა შუღლი და ურთიერთსიძულვილი.
მეორე ფენომენია საზოგადოებისადმი ანგარიშსწორების სურვილი, რაკი ეს საზოგადოება საკმარისად აქტიური არ არის მათი ინტერესების დაცვისას.
სწორედ საზოგადოებისადმი ამგვარი დამოკიდებულების გამოვლინებაა „საკუთარი პარტიის“ შექმნის სურვილიც, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ პარტიები, რომლებიც იმთავითვე მზად არიან დაიცვან „ქართველ მეწარმეთა“ ინტერესები.
ამავე ნიშნით კეთდება სენსაციური განცხადებები საწარმოს სხვა ქვეყნებში (მაგალითად აზერბაიჯანში) გადატანის თაობაზე. „ყაზბეგის“ მესვეურის, გოგი თოფაძის განცხადებით, „აზერბაიჯანში“ გაცილებით უკეთესი პირობებია მეწარმეობისათვის.
ამაში თოფაძე უდავოდ მართალია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანში პირობები ყოველთვის უკეთესი იქნება, ვინაიდან იმ ქვეყანას აქვს ნავთობი, რომლითაც შეუძლია შეავსოს საბიუჯეტო დეფიციტი. აქედან გამომდინარე კი, სულაც არ შეუთანხმოს საგადასახადო პარამეტრები სავალუტო ფონდის ექსპერტებს. მრავალი დამკვირვებლის აზრით, „ყაზბეგის“ გატანა აზერბაიჯანში სულაც არ შეაფერხებს (მით უმეტეს არ მოსპობს) ლუდის წარმოებას საქართველოში.
გამოჩნდებიან ლუდის სხვა მწარმოებლები (შესაძლოა რამდენიმე წვრილ-წვრილი მწარმოებელი, ნაცვლად ერთი მონოპოლისტისა), რომლებიც სრულყოფილად აითვისებენ ბაზარს და არც მეტისმეტად დიდი ამბიციები ექნებათ.
აზერბაიჯანის ბაზარი უკვე ათვისებულია და ქართველ მწარმოებელს (თუნდაც ფრანგთან ტანდემში) იქ სიხარულით როდი ელიან.
შეუძლებელია, ეს არ იცოდეს იმდენად გამოცდილმა და ჭკვიანმა მოთამაშემ, როგორიც გოგი თოფაძეა. აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ მისი განცხადებაც აზერბაიჯანში „გაქცევის“ შესახებ პროპაგანდისტული დემარშია და სხვა არაფერი.
საერთოდ კი, ქართველი მეწარმეები ვერც საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ვერც საკუთარ გაძვალტყავებულ სამშობლოს ვერ გაექცევიან – ეს არის „ჯვარი“ რომელიც მათ ბოლომდე უნდა ზიდონ.
ანუ ისწავლონ ხარისხიანი, იაფი პროდუქციის გამოშვება და ამით დაამარცხონ უცხოელი კონკურენტი საკუთარ ბაზარზე და არა საზღვრების ჩაკეტვით ან საბაჟო ტარიფების უსაშველო ზრდით.