შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციაში გვყავს ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის ერთი წარბის აწევაზე შეუძლიათ, მთლიანად შეცვალონ ყველაფერი - 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს ამ მოღალატე ოპოზიციას

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციაში გვყავს ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის ერთი წარბის აწევაზე შეუძლიათ, მთლიანად შეცვალონ ყველაფერი - 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს ამ მოღალატე ოპოზიციას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველაზე საინტერესოა არა თავად სავიზო შეზღუდვების ნაწილი, არამედ ოპოზიციის რეაქცია.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ეს კი ნამდვილად საინტერესოა მთლიან პროცესში. აქ ყველაზე მეტად საინტერესოა არა თავად სავიზო შეზღუდვების ნაწილი, არამედ ოპოზიციის რეაქცია. ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის ერთი წარბის აწევაზე შეუძლიათ, მთლიანად შეცვალონ ყველაფერი. ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარია არა საკუთარი ქვეყნის ინტერესი, არამედ უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმიდვნის აწეული წარბი და ნათქვამი სიტყვები. ასე არიან სამწუხაროდ ოპოზიციაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს ამ მოღალატე ოპოზიციას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან, მათი მარტო გვარი და სახელია ქართული, დანარჩენი სხვა – არიან ჩვეულებრივი მარიონეტები უცხო ქვეყნის ხელში. ასეთები იყვნენ სინამდვილეში 2012 წლამდე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. იყვნენ მარიონეტები სხვების ხელში და ახლა არიან მარიონეტები ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი მარიონეტულ მთავრობებს არ დაუშვებს და ოპოზიცია ამიტომაც საბოლოოდ დასანქცირდება 26 ოქტომბერს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.