თამარ ჩიბურდანიძე: ევროპაში და ბალტიისპირეთში ომის რეალური საფრთხეა და სურთ ეს ცეცხლი საქართველოსკენ ისროლონ. ამას რომ ვერ ახერხებენ, ამიტომ აკეთებენ გაბოროტებულ განცხადებებს

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპაში და ბალტიისპირეთში ომის რეალური საფრთხეა და სურთ ეს ცეცხლი საქართველოსკენ ისროლონ. ამას რომ ვერ ახერხებენ, ამიტომ აკეთებენ გაბოროტებულ განცხადებებს

"თუკი აქამდე კიდევ იყო მცირედი იმედი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინის ტერიტორიას არ გაცდებოდა, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, თუ როგორ იძაბება მოვლენები და რუსეთის შეჩერება ვერ ხერხდება." - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ჩიბურდანიძე ეხმიანება ლატვიის პრეზიდენტის ედგარ რინკევიჩის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს. ჩიბურდანიძის თქმით, რაკი ვერ მოხერხდა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, დასავლეთი ამით არის გაღიზიანებული და არა იმით, რომ თითქოს მათ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ადარდებთ.

"ლატვიის პრეზიდენტის ედგარ რინკევიჩის მოწოდება  ევროკავშირისთვის საქართველოზე სტატუსის შესაჩერებლად, სხვა არაფერია, თუ არა ომის პანიკური შიშით გამოწვეული განცხადება. 

ბალტიისპირეთში და ევროპაში ომის რეალური საფრთხეა და სურთ ეს ცეცხლი საქართველოსკენ ისროლონ. მხოლოდ ამას ემსახურება მათი ხისტი განცხადებები.

თუკი აქამდე კიდევ იყო მცირედი იმედი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინის ტერიტორიას არ გაცდებოდა, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, თუ როგორ იძაბება მოვლენები და რუსეთის შეჩერება ვერ ხერხდება. ამიტომ, გარდაუვალი ხდება მეორე ფრონტის გახსნა რეგიონში და ეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე  უნდა მოხდეს.

საქართველო იყო იდეალური ვარიანტი ამერიკისთვის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ეს მოემსახურებოდა იმ მიზანსაც, რომ გზიდან ჩამოიშორებდნენ მათთვის ურჩ დღევანდელ ხელისუფლებას. რაც შეეხება  ევროპას და განსაკუთრებით ბალტიისპირეთს, ერჩივნათ ეს ცეცხლი საქართველოში გახსნილიყო, ვიდრე მათ ქვეყნებში. რადგან ამის უფლება არ მივეცით, სწორედ ამიტომ აკეთებენ ყოველდღე გაბრაზებულ განცხადებებს. ამიტომ არიან გაბოროტებულნი და არა იმით, რომ  რომელიმე მათგანს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ადარდებდეს. გვესმის მათი შიშის, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ვერაფრით ვანუგეშებთ. მშვიდობა უმთავრესია ჩვენთვის”. - წერს ჩიბურდანიძე.