ახალ წელს ვაზიანის სამხედრო ნაწილში კონტრაქტით მყოფ ჯარისკაცთან ერთად შევხვდი. როგორ მოხვდა ეს კაცი ჩემს ოჯახში, გრძელი ისტორიაა, მაგრამ ფაქტია, რომ მოხვდა და ისე როგორ იქნებოდა, წარსულსა და აწმყოზე არ გვესაუბრა.
მართალია, ბაჩო ახალაიაზე რომ ამბობენ, ჯარისკაცებს სცემდაო?
- ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მას კაბინეტი ჰქონდა, თავისი გემოვნებით მოაწყო ოთახი და იქ ხშირად მოდიოდა, რჩებოდა და შეიძლება ითქვას, იქიდან მართავდა თავდაცვის სამინისტროს. რომ გითხრა, ნანახი მაქვს, ახალაია როგორ სცემდა პატიმრებს-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ მე მინახავს, როგორ სცემდნენ ოფიცრები პატიმრებს და როგორ უყურებდა ამ ყველაფერს ბაჩო ახალაია. ისიც მოსმენილი მაქვს, ბაჩომ რომ უთხრა ოფიცრებს, ჯარისკაცებს რაც გინდათ უქენით, ოღონდ არ მოკლათ, მკვდრების "გაპრავება" მიჭირსო.
კონკრეტული მაგალითი შეგიძლია გაიხსენო?
- სენაკში არის მეორე ბრიგადა. იქ ჯარისკაცებს სველი წერტილების დასუფთავება მოსთხოვეს. ამას მანამდე დამლაგებელი აკეთებდა, ადამიანი, რომელიც ხელფასს იღებდა და ეს საქმე ევალა. ჯარისკაცების ნაწილმა უარი თქვა და შვიდი ჯარისკაცი ვაზიანში მოიყვანეს. ახალაია გამოვიდა, გაესაუბრა, აგინა, მერე ოთახში ავიდა და ოფიცრები გიენებივით დაერივნენ ჯარისკაცებს. ეს არ იყო ცემა, ეს იყო სამაგალითო დასჯა იმ ადამიანებისა, რომლებმაც გაბედეს და უარი თქვეს, მათი აზრით, ჯარისკაცისთვის დამამცირებელ საქმეზე. ახლა რომ ამბობენ, ახალაია ანგელოზი იყოო, ხომ ძალიან მარტივია, გადახედონ საბუთებს.
რა საბუთებს? სადმე წერია, რომ ის ვინმეს სცემდა?
- არა, მაგას ვინ დაწერდა?! გადახედონ ჯარისკაცების საბუთებს. რატომ არის, რომ ახალაიას მინისტრობის დროს, ვისაც კი კონტრაქტი უმთავრდებოდა, 99 პროცენტი უარს ამბობდა მის გაგრძელებაზე და სამხედროდან მიდიოდა? არ უნდოდათ შემოსავალი?! უნდოდათ, მაგრამ ღირსება ძვირად უღირდათ და ამიტომ ამბობდნენ უარს სამსახურზე. ახლა კი რა ხდება, ნახეთ - ყველას, ვისაც კონტრაქტის ვადა ამოეწურა, სიხარულით აგრძელებს. ეს ხომ მარტივია. რომელ ომზე იყო საუბარი? იმდენად იყვნენ ჯარისკაცები დაჩმორებულ-დათრგუნულები, რომ საბრძოლოდ კი არა, ტყეში მოსასაქმებლადაც ვერ წავიდოდნენ თამამად.
ახლა რა ხდება?
- შედარება არ შეიძლება. მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ უკეთესად გვკვებავენ ან უფრო კარგად გვაცვია. ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა, მაგრამ მთავარი საჭმელ-სასმელი და ტანსაცმელი კი არა, ღირსებაა. არავინ ზედმეტს არ გვეუბნება, არავინ გვაგინებს, ცემაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ეს მოტივაციას გმატებს, საბრძოლო სულსაც ამაღლებს და ოფიცერი ძმასავით რომ გიდგას გვერდში, იმას ომშიც გაყვები და იბრძოლებ კიდეც. ადრე ხმამაღლა საუბარიც კი გინებით ან ცემით ისჯებოდა, ახლა უბატონოდ არ გვცემენ ხმას და სწორედ ამიტომ ვაფასებთ ირაკლი ალასანიას, ადამიანობა და ურთიერთობები დაბრუნდა ჯარში.
რამდენჯერმე ახსენე ღირსება და, რომ უყურებდით, თქვენს მეგობრებს როგორ სცემდნენ ან აგინებდნენ, ერთ დღეს ვერ დაერიეთ ოფიცრებს?
- სათქმელად მარტივია. ეს რომ მომხდარიყო, მაშინვე ამბოხად გამოაცხადებდნენ, პოლიტიკურ ძალებს მიგვაწერდნენ და ცემას ვინ ჩივის, ან ჩაგვხოცავდნენ, ან ციხეში გაგვიშვებდნენ. რასაც მეუბნები, ნაფიქრი გვქონდა მაგაზე, მაგრამ მხოლოდ ნაფიქრი, რადგან რამე რომ გეთქვა და ოფიცრებამდე მისულიყო, ამას ბაჩოც გაიგებდა და მინიმუმ ძალიან მაგრად გაილახებოდი...