საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მამუკა მუჯირმა 2009 წელს ლონდონში ბინის შესაძენად 560 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, გასაჯაროების შემდეგ კი გაყიდა. ამის შესახებ აღნიშნულია „ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის გაშუქების პროექტის“ (SCOOP) სტატიაში.
სტატიის თანახმად, 2008 წელს, თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მამუკა მუჯირმა ლონდონში ბინა ოფშორული კომპანიის საშუალებით იყიდა. დიდ ბრიტანეთში გამჭვირვალობის ახალი სისტემის წყალობით ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მამუკა მუჯირმა ოფშორული კომპანია დააარსა სეიშელის კუნძულებზე, 2008 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მუჯირი 2005 წელს დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, სადაც იარაღის შესყიდვით იყო დაკავებული.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, მუჯირს 2003 წლიდან 2008 წლამდე ყოველწლიურად მოეთხოვებოდა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს დატოვების შემდეგ საჭირო იყო საბოლოო დეკლარაციის შევსება. მის საბოლოო დეკლარაციაში არ შედიოდა ოფშორული ფირმა Brentley Corporation-ი, არც შემოსავალი ან აქტივები, რომლებიც განმარტავს, როგორ შეძლო მან ბინის შეძენა.
სტატიის მიხედვით, ბათუ ქუთელიამ, რომელიც მუჯირის პარალელურად თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, თქვა, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც მალავენ ფინანსურ ინფორმაციას. ქუთელია აცხადებს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია კონკრეტულად მუჯირთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ. მისი დეკლარაციები აჩვენებს, რომ არც მას და არც მის ოჯახს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ან აქტივები ბინის შესაძენად, რომელიც, გაერთიანებული სამეფოს მიწის რეესტრის დოკუმენტის მიხედვით, შეძენილი იყო პირდაპირ, იპოთეკის ან საბანკო სესხის გარეშე. მუჯირის წლიური ხელფასი არასდროს აღემატებოდა 20 000 დოლარს, ხოლო მისი მეუღლე და მშობლები ერთად წელიწადში 10 000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებდნენ.
ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუჯირის ოფშორულ კომპანიასა და მის ბინაზე ინფორმაცია საიდუმლო იყო. შემდეგ, 2022 წელ, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო კანონი, რომელიც ავალდებულებს უცხოურ სუბიექტებს, რომლებიც ფლობენ ქონებას ინგლისსა და უელსში, გამოავლინონ თავიანთი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები – პირი, რომელიც საბოლოოდ აკონტროლებს კორპორატიულ ერთეულს და იღებს მისგან სარგებელს. 2023 წლის 12 იანვარს Brentley Corporation-მა გაამჟღავნა, რომ მუჯირი იყო მისი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი დაარსების დღიდან. მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც მუჯირის საკუთრება საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, მიწის რეესტრის დოკუმენტები აჩვენებს, რომ მან თავისი ბინა 615 000 ფუნტ სტერლინგად გაყიდა.
„რუსეთის ხუთდღიანმა შეჭრამ საქართველოში 2008 წელს, როგორც ჩანს, ბოლო მოუღო მისი, როგორც საჯარო მოსამსახურის კარიერას. ომი ფართოდ განიხილებოდა, როგორც კატასტროფა საქართველოსთვის და რუსული ძალები დღესაც აგრძელებენ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაციას. შეჭრის შემდეგ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს საქართველოსთვის მოწოდება თავდაცვის რეფორმების გატარებისკენ. იმავდროულად, საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის გადაყენებას ითხოვდა. ზეწოლის ქვეშ სააკაშვილმა დაიწყო კაბინეტის ძირეული ცვლილებები, რასაც მოჰყვა კეზერაშვილის თანამდებობიდან გადაყენება მის მოადგილეებთან, მათ შორის, მუჯირთან ერთად“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის თანახმად, როგორც მინისტრის მოადგილე, მუჯირი ჩართული იყო სამხედრო შესყიდვებში 2008 წლის ნოემბრით დათარიღებული აშშ-ის დიპლომატიური დოკუმენტის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა Wikileaks-ის მიერ. დოკუმენტი, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც „საიდუმლო“, შეიცავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაცვის სავაჭრო კონტროლის შესაბამისობის ოფისის (DTCC) შეშფოთებას საქართველოს ძალისხმევაზე, შაშხანებისა და ყუმბარმტყორცნების გადაზიდვის შესყიდვასთან დაკავშირებით.
მუჯირმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელი მოაწერა გადაზიდვის დოკუმენტაციას. იარაღის გარიგება სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულმა ფირმამ და ბულგარულმა კომპანიამ გააფორმეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაცვის სავაჭრო კონტროლის შესაბამისობის ოფისს ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა ორივე კომპანიის კავშირზე ორგანიზებულ დანაშაულთან და იარაღის ტრეფიკინგთან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ბათუ ქუთელიამ, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომელიც მუჯირთან ერთად მუშაობდა, თქვა, რომ იმ დროს საქართველოს ეკრძალებოდა დასავლური წარმოების საბრძოლო ტექნიკის შეძენა, როგორებიცაა ჯავშანტექნიკა, არტილერია და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
„აქედან გამომდინარე, ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, რომელიც საქართველომ შეიძინა, იყო ძველი საბჭოთა სტანდარტების, შეძენილი პოსტსაბჭოთა ბაზრებზე. ამ ბაზრებს აქვს კორუფციული რისკების მაღალი დონე“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
სტატიის თანახმად, იმ დროს, როცა ქუთელია და მუჯირი სამინისტროში მუშაობდნენ, საქართველოს თავდაცვის სექტორი გადიოდა ძირითად რეფორმებს ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელებული „სტრატეგიული მიმოხილვის“ ფარგლებში.
„კორუფციული რისკების მინიმიზაცია თავდაცვის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. ღონისძიებები მოიცავდა თავდაცვის სამინისტროს ფინანსური და შესყიდვების დეპარტამენტების გამიჯვნას, საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდას და დამოუკიდებელი სასამართლოს მეშვეობით კორუფციის დროული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის უნარის გაუმჯობესებას. თითოეული ეს კომპონენტი არ იყო სრულყოფილი 2008 წლისთვის“, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.