ჩვენ ბოლომდე დავიცავთ, ჩვენს სუვერენიტეტს და უფლებებს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ გარე ძალებს საქართველო შინაური ცხოველი ჰგონიათ და ეპყრობიან, როგორც კოლონიას. „ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ღირსეული ხალხი და გვესაუბრონ, როგორც ღირსეულ პარტნიორებს, - აღნიშნა სუბარმა.
დეპუტატმა გამჭვირვალობის შესახებ ქართულ და ფრანგულ კანონს შორის განსხვავებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფრანგული ვარიანტი მკაცრია და გათვალისწინებულია ისეთი მუხლები, რაც ქართულ კანონში საერთოდ არ არის ნახსენები.
„კლასიკაა - ის, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ვიღაცას მართლა შინაური ცხოველი ჰგონია საქართველო და ხარის როლში სურთ გამოგვიყვანონ. ჩვენ არ ვართ კოლონია და ნუ მოგვეპყრობიან ისე, როგორც დღესაც კი ეპყრობიან ახალ კალედონიას ან რომელიმე მათ ყოფილ ან ამჟამინდელ კოლონიას. დამთავრდა კოლონიალიზმის ეპოქა! ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ღირსეული ხალხი და გვესაუბრონ, როგორც ღირსეულ პარტნიორებს. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ, ჩვენს სუვერენიტეტს და უფლებებს.
გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც დღეს მიიღო საფრანგეთმა, შინაარსით არის აბსოლუტურად იგივე, რაც ქართული კანონი, იმ განსხვავებით, რომ ფრანგული კანონი ეხება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირსაც, მათ შორის არასამთავრობო და ბიზნესს ორგანიზაციებს და ეს მაშინ როცა საქართველოს კანონი ეხება მხოლოდ იურიდიულ პირებს, ბიზნეს და მედია ორგანიზაციებს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათ დაფინანსებაში 20%-ზე მეტი უცხოურია. ფრანგული კანონი კი ეხება ყველას, მათ შორის კერძო პირებს.
ფრანგული რეესტრი არის გაცილებით მკაცრი, არის მაღალი ჯარიმები და სანქციები. სპეცსამსახურებს აქვთ უფლება, რომ საფრანგეთისთვის არასასიამოვნო საქმიანობის ეჭვის შემთხვევაში იურიდიულ ან კერძო პირს 4-5 წლის განმავლობაში უსმინონ ისე, რომ ამის შესახებ სასამართლოსაც არ ეცოდინება. ასევე გათვალისწინებულია 6-წლიანი ციხე ან 45 ათასი ევროდან მილიონ ევრომდე ჯარიმები, შეუძლიათ დააყადაღონ ნებისმიერი ანგარიში. მსგავსი რამ ჩვენთან არ არის. მიუხედავად ამისა აკრიტიკებენ ქართულ კანონს და არ აკრიტიკებენ ფრანგულს. მარტივია - მოქმედებს ორმაგი სტანდარტი. აქ თავისი აგენტურა ჰყავთ და ამ აგენტურის გამჟღავნება არ სურთ. ამ აგენტურის პირობებში საქართველოში სტაბილურობა არასდროს იქნება და ეს გაცილებით მეტად აზარალებს საქართველოს ეკონომიკას, ვიდრე ის ფული, რომელზეც ყოველდღიურად გვახსენებენ და გვაყვედრიან, რომ ვითომ გვეხმარებიან. რამდენად არის დახმარება, როცა არჩევნების ხმების პარალელური დათვლის გაყალბებას აფინანსებენ, ეს ცალკე საკითხია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.