სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მოუწოდებს მოქალაქეებს, გააცნობიერონ, რა არჩევანია გასაკეთებელი უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, სანქცირებული რუსული რეჟიმის შეცვლაზე ოქტომბრის არჩევნებში გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. ეს არჩევნები დღემდე თუ იყო რეფერენდუმი, რა არჩევანს აკეთებს ქართველი ხალხი საქართველოს ევროპულ მომავალსა და რუსეთს შორის, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე, ანუ გვინდა თუ არა ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ შევინარჩუნოთ, რადგან ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის აშშ-ის გვერდით დგომის გარეშე საქართველო უბრალოდ ვერ გადარჩება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით დღეს და რა არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე. არჩევანი ქართული სახელმწიფოს მომავლის და მისი არსებობის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან კარგად გააცნობიერებს ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობა და ოქტომბერში დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას სწორედ იმ გზაზე, რომელიც ჩვენ მრავალი წლის წინ ავირჩიეთ. ეს გზა არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანა და დაცული ჩვენი სტრატეგოული მოკავშირეების მიერ“, – განაცხადა სამადაშვილმა.