ევროპაში იგივე პრობლემებია, რაც საქართველოს აქვს თითქმის, იმ განსხვავებით, რომ ისინი გაცილებით უფრო დიდები არიან, უფრო ძლიერები და არ არიან ტრადიციულად „უკანა ეზოდ“ მიჩნეული ადგილები, - ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს ევროპისგან მაშინ, როდესაც საფრანგეთში გამჭვირვალობის შესახებ უფრო მკაცრი კანონი დამტკიცდა, ვიდრე საქართველოში და ევროკავშირი კვლავ მკაცრია საქართველოსთან მიმართებაში.
„ევროპაში იგივე პრობლემებია, რაც საქართველოს აქვს თითქმის, იმ განსხვავებით, რომ ისინი გაცილებით უფრო დიდები არიან, უფრო ძლიერები და არ არიან ტრადიციულად „უკანა ეზოდ“ მიჩნეული ადგილები. შესაბამისად, მათ უფრო მარტივი ცხოვრება აქვთ, მაგრამ ბევრ სირთულეს აწყდებიან. მე მინდა ფრანგ ხალხს, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მივულოცო დღეს კანონის ამ ფორმით მიღება, რადგან ეს ფრანგული კანონი გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ.
ფრანგულ მედიას თუ მიადევნებდით თვალს, ნახავდით, რომ რეალურად ანტიტერორისტული აქტის დონეზე აიყვანეს ეს კანონი უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. მიღებულია, რეესტრის წარმოებასაც დაიწყებენ და შესაბამის ზომებსაც მიიღებენ იმათ წინააღმდეგ, ვინც საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევას შეეცდება და ეს ეხება ყველას ისევე, როგორც ქართული კანონი ეხება ყველას. მათ შორის, ოკუპანტი სახელმწიფო თუ გადაწყვეტს, რომ აქ დააფინანსოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ოკუპაცია კიდევ უფრო გააძლიეროს, მათაც შეეხება ქართული კანონი. რატომღაც ამაზე ზოგიერთი არხი თვალს ხუჭავს რადგან მათთვის ამაზე საუბარი ხელსაყრელი არ არის“, - აღნიშნა წულუკიანმა.