ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის მიერ კონგრესში გაგზავნილ წერილზე: ჩვენ რაში გვთხოვენ დახმარებას, F16 რომ ააფრინონ ბაზებიდან? მეტი რა დონეზე უნდა მივიდეთ - მართლა ხომ არ დაგვბომბავენ

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის მიერ კონგრესში გაგზავნილ წერილზე: ჩვენ რაში გვთხოვენ დახმარებას, F16 რომ ააფრინონ ბაზებიდან? მეტი რა დონეზე უნდა მივიდეთ - მართლა ხომ არ დაგვბომბავენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის მიერ კონგრესმენი მილერისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება. მისი თქმით, ოპოზიცია უცხოელ პარტნიორებს სთხოვს, საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის ხელახალი ფორმირება მოხდეს და ხელისუფლება შეიცვალოს. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ საქართველოში, ხალხი აძლევს ძალაუფლებას ხელისუფლებას, ოპოზიცია კი იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხს ესაუბროს, უცხოელ პარტნიორებს სთხოვს დახმარებას. ქადაგიძეს თქმით, კონგრესში მოხდა ის,  რაზეც „ხალხის ძალა“ დიდი ხანია საუბრობს. ანალიტიკოსის თქმით, ამერიკის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლის მიზანი, მათი დამორჩილება იყო.

„ჩვენ რაში გვთხოვენ დახმარებას, F16 რომ ააფრინონ ბაზებიდან? მეტი რა დონეზე უნდა მივიდეს ურთიერთობაში ოპოზიციის და რადიკალიზმის დახმარება, მართლა ხომ არ დაგვბომბავენ? ყველანაირი მუქარა იყო უკვე. სამწუხაროდ, რეალობა ის არის, რომ ოპოზიციას უწევს ერთი და იგივე წრეზე სიარული. რას ნიშნავს ეს წრე? საქართველოში ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხი, ხელისუფლება იცვლება არჩევნებით. ჩვენ თუ გვინდა ხელისუფლება შევცვალოთ, მზად უნდა ვიყოთ არჩევნების მოსაგებად და ამისთვის, აუცილებლად უნდა ვესაუბროთ ქართველ ხალხს, მათ ვინც ძალაუფლებას გადასცემს იმ დაქირავებულ პერსონებს, რომლებიც 4 წლის ვადით მართავენ სახელმწიფოს. ახლა რას ვხედავთ ჩვენ და რა პარადოქსთან გვაქვს საქმე - ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ ესაუბრებოდეს ქართველ ხალხს, დადის და უცხოელ აქტორებს სთხოვს არჩევნებში მხარდაჭერას. რამხელა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე, ოპოზიცია უცხოელ აქტორებს სთხოვს „ქართული ოცნების“ წევრები დაასანქცირონ, რითაც მათ შეულახავენ რეპუტაციას და ამის შედეგად მოხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება - თუ არა ოპოზიცია სხვა ვერავინ გადაგვარჩენს. ყველაფერს კადრულობენ იმის მაგივრად, რომ კონკურენცია გაუწიონ ხელისუფლებას და ჩაანაცვლონ ისე, როგორც წესი და რიგია. წარმოვიდგინოთ, ხელისუფლება არჩეულია მესამე ვადით და არ არსებობს სხვა ალტერნატიული პოლიტიკური პარტია, რომლითაც მოხდება ჩანაცვლება. წარმოიდგინეთ რა ტრაგედია ხდება. ანუ, ოპოზიციური სპექტრი არის იმ დონეზე მარგინალიზებული და განულებული რეპუტაციულად, რომ მათ ქართველ მოსახლეობაში დასაყრდენი არ აქვთ. გაერთიანებული ოპოზიციის მაქსიმალური შედეგი ყველა არჩევნებზე 30%-ია ეს კი, არ არის გადამწყვეტი. ამ შედეგით ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ოპოზიცია არ ფიქრობს გაჯანსაღებაზე, ელექტორატზე და ელექტორალურ გაზრდაზე. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხოელების მხარდაჭერაზე ფიქრობენ, ისე როგორც იყო აქამდე. რაღაც ყოფით ტრაგედიას უნდა შევეჩეხოთ ახლა და უკვე შევეჩეხეთ, სრულიად საზოგადოებამ იცის იმ რეალობის შესახებ, რომელზეც „ხალხის ძალა“ ვსაუბრობდით - თუ რა სიბინძურეები ხდებოდა კულისებში, მაგალითად ე.წ მეგობარი აქტის განხილვა. საქართველოს აღიქვამენ როგორც მათზე დაქვემდებარებულ შპს-ს, რომლის უფროსსაც უბრძანებდნენ და ისიც მოიქცეოდა შესაბამისად, ჩვენ ამის დემონსტრირება ვნახეთ. ამაზე ვსაუბრობდით, რომ კულისებიდან მიდიოდა კონკრეტული ინსტიტუტების დისკრედიტაცია იმისთვის, რომ ის გამხდარიყო მათი დავალების შემსრულებელი. ეს იყო სასამართლო, პროკურატურა- მათზე მიდიოდა ეს წნეხი, რომ რამენაირად მომხდარიყო ამ ყველაფრის ერთი ვერტიკალით, ერთი დირექტივით მართვა, როგორც მიშას დროს ხდებოდა. ამ პროცესს ვხედავთ ახლა ღიად.“- აღნიშნა ქადაგიძემ.