ალუდა ღუდუშაური: რასაც რუხაძეები და მსგავსი „ენჯეოს“ წარმომადგენლები ლამობენ, რომ მოაწყობენ არეულობასა და მაიდანს, საქართველოში ეს არ მოხდება

ალუდა ღუდუშაური: რასაც რუხაძეები და მსგავსი „ენჯეოს“ წარმომადგენლები ლამობენ, რომ მოაწყობენ არეულობასა და მაიდანს, საქართველოში ეს არ მოხდება

მაიდანს არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და სისხლი დაიღვარა. რასაც რუხაძეები და მსგავსი „ენჯეოს“ წარმომადგენლები ლამობენ და ფიქრობენ, რომ მოაწყობენ არეულობასა და მაიდანს, საქართველოში ეს არ მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება, რადგან იციან, რომ არჩევნებს წააგებენ, ამდენად, ისინი არეულობისთვის ემზადებიან.

ალუდა ღუდუშაური ასევე გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონისადმი ოპოზიციის მადლობის წერილს. უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით პაატა მანჯგალაძის დღეს გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა.

„პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტს განუცხადა, ხელი კი მოვაწერე, ნამდვილობას ვადასტურებ, მაგრამ ტექსტი არ ვიცი, რაზე მოვაწერეო. ჩვენს საზოგადოებას მივმართავ, ბრძენ და ამაყ ქართველ ხალხს - ასეთი არასერიოზული და ამჩატებული ადამიანები, ცდილობენ ნებისმიერ ფასად, ხელისუფლებაში მოვიდნენ და აქ მოაწყონ არჩევნების შემდგომ მაიდანი. ეს არის პირდაპირ ამ ქვეყნის მომავლის ღალატი. ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის მანდატი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდად და შეუფერხებლად განვითარდეს, წინ წავიდეს. ქართველი ხალხი იყოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

უკრაინაში მაიდნის საპროტესტო გამოსვლებსა და წინაპირობაზე ერთ-ერთ ტელე-ეთერში, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ისაუბრა. მან პარალელი გაავლო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და თქვა, რომ თუ „ქართული ოცნება“ იმოქმედებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, აუცილებლად მიიღებენ მაიდანს.

14 ოპოზიციური პარტია და 6 დამოუკიდებელი დეპუტატი - MEGOBARI აქტის ინიციატორს, კონგრესმენ ჯო უილსონს მადლობის წერილს უგზავნის.

„კი ვაწერ ხელს, თანხმობა განვაცხადე, მაგრამ შინაარსი დეტალურად მართლა არ ვიცი“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ.