ხუთ აგვისტოს თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრის და აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის, ჯონ შალიკაშვილის შეხვედრა გაიმართა.
მათი საუბრის დასწრების ბედნიერება გენერალთა კორპუსს ერგო, ჟურნალისტებს მხოლოდ შეახედეს შალიკაშვილზე და ორ წუთში კარისკენ მიუთითეს.
მას-მედია საუბრის მოსმენას კარს მიღმა მდგარი დინამიკიდან ფარულად შეუდგა.
ერთმანეთის კიდევ ერთხელ მოკითხვის შემდეგ ნადიბაიძემ აღნიშნა: „საქართველოს ჯარი თითქმის ყოველმხრივ დაკომპლექტდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა, თქვენი დახმარების იმედი მაქვს. ჩვენი მომავალი ურთიერთობის გეგმა უკვე შევიმუშავე“.
ასეთმა განცხადებამ ეჭვიანი ჟურნალისტების აზრი, რომ შალიკაშვილს საქართველოში უმზადებენ შესაფერის ადგილს, უფრო მეტად გააღრმავა.
ჟურნალისტების დასანახად კი სამახსოვრო საჩუქრების გაცვლის ცერემონიალი შედგა. ვარდიკო ნადიბაიძემ შალიკაშვილს ლამაზად მოხატული ქართული „ფიშტო“ თავისი ტყვია-წამლის შესანახით აჩუქა.