ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განაჩენი ასე შეაფასა: „დღეს სამარცხვინო დღეა ამერიკის ისტორიაში“.
მისი თქმით, განაჩენი იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი.
„დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ დემოკრატები არ გაჩერდებიან, რათა ჩაახშონ განსხვავებული აზრი და გაანადგურონ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტები. პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანად გაასაჩივრებს ამ აბსურდულ განაჩენს და ის გაიმარჯვებს“, – წერს მაიკ ჯონსონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დენ მიუზერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე ამერიკული მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება და დემოკრატიის შელახვის აშკარა მცდელობაა.
მანამდე, დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.
„მათ გაასამართლეს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე, სადაც ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის, რა იყო დანაშაული. ეს სასამართლო პროცესი არასდროს შედგებოდა, ტრამპი რომ არ ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი. დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი და მტკიცებულებები ან მისი ნაკლებობა არანაირად არ ადასტურებს ამ განაჩენს“, − აღნიშნა კონგრესმენმა.
„პოლიტიკური ოპონენტების დევნა მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ხდება და არა ამერიკაში. ჩვენი მოწინააღმდეგეები მთელ მსოფლიოში ამას განიხილავენ, როგორც დემოკრატიის წარუმატებლობას“, − დასძინა მან.
მანამდე დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს.
კიდევ ერთი რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ბაიდენი და შეშლილი მემარცხენეები არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან ხელისუფლებაში დასარჩენად.
„ნიუ იორკში გამოტანილი განაჩენი [მართლმსაჯულების] პაროდიაა, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მასხრად აგდებაა. პოლიტიკური შოუ, რომელსაც გაუძღვნენ ბაიდენის მომხრე მოსამართლე, ნაფიცი მსაჯულები ამერიკის ყველაზე ლიბერალური ოლქიდან, აბსურდული და სასაცილო ბრალდებებით“, − აღნიშნა მარკო რუბიომ.
„ეს ბნელი დღეა ამერიკისთვის. ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ფიქცია იყო და სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა“, − განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტედ კრუზმა.
„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მათ დონალდ ტრამპს [სამართლებრივი] დევნა მოუწყვეს, არის ის, რომ „დემოკრატებს“ ეშინიათ − ის მოიგებს არჩევნებს. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება სამართლებრივად უსაფუძვლოა და სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებისას“, − აღნიშნა სენატორმა.