კობა დავითაშვილი დაახლოებით ერთი წლის წინათ გაუჩინარდა. სწორედ მას შემდეგ, რაც კოალიციას გაუნაწყენდა, ჩემს ნათქვამს არაფრად აგდებთ, ბოლოს და ბოლოს, კაცი ვარ თუ "პროპკაო"?
ის კვალიფიკაციით იურისტია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993-1994 წლებში მუშაობდა კონტროლის პალატაში იურისტად. 1994-1996 წლებში - საქართველოს პარლამენტში, იყო ფრაქცია "რესპუბლიკელების" წამყვანი სპეციალისტი, შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი. 1996-1997 წლებში კონსულტაციებს უწევდა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას". 1997-1999 წლებში გახლდათ შპს "გარანტ-აუდიტის" დირექტორი. 1999 წელს - თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე. ამის შემდეგ იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, მოგვიანებით ისევ წავიდა საკრებულოში და ბოლოს, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის წყალობით ისევ გახდა პარლამენტარი. არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
ბობოქარი იყო კობას ცხოვრება, ბობოქარი და ყოვლისმომცველი. გავაზივით მოქნეული და მშვილდივით მოჭიმული მისი ინტერვიუები დღესაც კი გვახსოვს, გეგონება გუშინ იყოო. დაჯდებოდა, მოგიყვებოდა, იმ მთისაც იცოდა, ამ მთისაც, ქიცისაც იცოდა, ქიცმაცურისაც, ისეთებს იტყოდა, ხელის გულს მოგფხანდა. ხანდახან შეცდომებსაც უშვებდა, მაგრამ ეს შეცდომებიც ისეთი ლაზათიანი იყო, ვერაფერს იტყოდი. რაღაცნაირი ბედი დაჰყვა კობას პოლიტიკას, ცოტა უცნაური და გაუგებარი... მახსოვს, ერთი პერიოდი ედუარდ შევარდნაძეს აქებდა - მერე ლანძღავდა, ერთი პერიოდი მიშა სააკაშვილს აქებდა, მასთან იყო - მერე ლანძღავდა, ერთი პერიოდი ბიძინა ივანიშვილთან იყო და როგორც თავად ივანიშვილმა მითხრა, დასაწყისიდანვე ლანძღავდა. 2012 წლის აგვისტოა, ცხელა, ბატონი ბიძინა მეუბნება, კობა ძალიან მიყვარსო. რათა-მეთქი? სულ მაკრიტიკებსო. რათა-მეთქი? აი, გუშინაც შემომივარდა კაბინეტში და პირდაპირ მითხრა: შენ კაი კაცი არა ხარო. რათა-მეთქი? იმიტომ რომ მიშა სააკაშვილს აფინანსებდიო. მერე რა უთხარით-მეთქი? ავუხსენი და გაიგოო. როგორ აუხსენით-მეთქი. რავი, აბა, მე მგონი, მიშამ ჯადო გამიკეთათ-თქო. ვააა, ჯადო-მეთქი? ჰო, ჯადოო.
უკვე გითხარით, რაღაცნაირი ბედი დაჰყვა კობას პოლიტიკას, ცოტა უცნაური და გაუგებარი... ხან ჯიპში იჯდა, ხან ტყეში გარბოდა და უკან "ნაციონალები" მისდევდნენ. ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა მის თავზე, თორემ რაც მაგას 2007 წლის ნოემბერში ურტყეს, კიდევ კარგადაა. იმ პერიოდში ფულის აღებაზეც წაასწრეს, 30 ათასი ლარი პირდაპირ რესტორანში მიითვალა და ერთ მარნეულელ ტიპს დაჰპირდა, პარლამენტში შეგიყვანო. ვერ შეიყვანა, მაგრამ ფულს უკან ხომ არ დააბრუნებდა? ეს ყველაფერი იმ "ნაციონალებმა" გადაიღეს და ტელევიზიით აჩვენეს, დღეს რომ დემოკრატიაზე გვებაასებიან ყურებამდე გახეული ყბებით. კობას მარტო გადაღება არ აკმარეს, გამოვიდა მისი ძველი ძმაკაცი მიშა სააკაშვილი და "ნავერტილე" უწოდა. კი, მაგრამ ეს არ იყო ადამიანის უფლებების დარღვევა და შეურაცხყოფა? ეჰ, ძალიან მძიმე დროება გადაიტანა კობა დავითაშვილმა საკუთარ თავზე. ახლა ძალიან იოლია ლაპარაკი, მით უმეტეს, თუ ვანო მერაბიშვილის "დუბინკა" არ მოგხვედრია გვერდებში ნიკანორ მელიას ხელით.
ძალიან მძიმე იყო კობა დავითაშვილისთვის 2012-2013 წლები. შევიდა თუ არა პარლამენტში, ყველაზე საუკეთესო მინისტრს, დავით სერგეენკოს დაეტაკა. დაიწყო სადაზღვევო კომპანიების თაღლითური სქემების გაშიფვრა და ჯანდაცვის სისტემაში თვალების ცეცება. კი, სადღაც მართალი იყო, სადღაც სიმართლეს ამბობდა და ხმაურიან ინტერვიუებსაც კი იძლეოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებულ მყარ კედელს წააწყდა. 2013 წლიდან ატყდა, გინდათ თუ არა, კოალიცია უნდა დავტოვოო. ჩვენ ერთი პერიოდი დავარწმუნეთ, რომ წასვლა ლაჩრების ხელობაა, სჯობდა, დარჩენილიყო და ებრძოლა, ეს უკეთესი ვარიანტი იქნებოდა ხალხისთვის. რაღაც მომენტში დაგვიჯერა და გაჩერდა, მაგრამ მერე იმ დონეზე "ავარდა", საქართველოს პრეზიდენტობა მოინდომა... არა მხოლოდ მოინდომა, სერიოზული დაიჭირა და კენჭიც კი იყარა. მაშინ, როცა მე ვამბობდი: კობა, არც გაატრაკო-მეთქი, ის დაჟინებით ასეთ რაღაცებს ლაპარაკობდა:
"მე ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და ყველაფერს ვანდობ ქართველ ხალხს უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ვგეგმავ დიამეტრალურად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას".
კობას არ მოეწონა კოჰაბიტაცია და არც ის, რომ სასამართლომ ბაჩო ახალაიას იმ პერიოდში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა:
"ხელისუფლების მხრიდან უკვე გაკეთდა კომენტარები, რომელთა სულისკვეთება ის იყო, რომ ესაა სასამართლოს დამოუკიდებლობის დადასტურება და დემოკრატიის ზეიმი, რომ ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ. მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ახალაიას გამართლების დემოკრატიის გამარჯვებად გამოცხადება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება. საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. მე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არის დაცინვა იმ ხალხის, ვინც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას. ესაა პირდაპირი შედეგი ხელისუფლების უნიათო კურსისა კოჰაბიტაციაზე და "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" გაკეთებული გაუმართლებელი დათმობები გაუმართლებელი რეჟიმის მიმართ".
დიახ, თქვა კობამ, სასამართლო არ არის დამოუკიდებელიო და წავიდა... უფრო სწორად, კი არ წავიდა, დადუმდა, დამუნჯდა, პირში წყალი ჩაიგუბა და ეს გაბანძებული სასამართლო ჩვენ დაგვიტოვა გამოსასწორებლად. არადა, ჩვენ მას ხელფასს დუმილში არ ვუხდით, ის ვალდებულია, გამოვიდეს და ჩვენთან ერთად შეუტიოს არასამართლიან სასამართლოს. ის წავიდა საპარლამენტო უმრავლესობიდან, ის არ წასულა პარლამენტიდან, როგორც ამბობენ, სამსახურშიც კი არ დადის. კობა, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი შვილი გყავს და ღმერთმა ყველა ბედნიერი გიმყოფოს, მაგრამ როცა ხელფასს იღებ, ნეტა უხერხულობას არ გრძნობ? სხვათა შორის, კომუნისტებს ჰქონდათ ერთი კარგი ლოზუნგი: "ვინც არ მუშაობს, ის არც ჭამს". ჰოდა, რა ნამუსით ჭამ, ძმაო, ჩვენს ფულს? ბოლოს და ბოლოს, ვენახში მუშაობას ხომ არ გთხოვთ? გამოდი (კონდიციონერსაც ჩაგირთავთ), დადექი ჩვენ გვერდით და ერთად შევუტიოთ უსამართლობას!
ჰო, 31 ივლისს დაბადების დღე გქონია, გილოცავთ, გაიხარე, გამრავლდი... ხმა ამოიღე, ბიჭოოო!