ივანიშვილს რომ ადარდებდეს და აღელვებდეს საქართველოს კონსტიტუცია, უპირველეს ყოვლისა დაიცავდა ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მას სურს მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება, მათ შორის გამოგონილი ფსევდო თემების პედალირებით და ადამიანებისთვის თავზე მოხვევით, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კანონების პაკეტს.
ინიციატივა შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემაც და აღნიშნა რომ ქრისტიანულ სახელმწიფოში სიწმინდის დაცვა კანონმდებლობით საჭირო არ არის.
„ორიათას წლოვან ქრისტიანულ ქვეყანაში კანონპროექტით დავიცავთ ოჯახურ სიწმინდეს - ასე არ ვფიქრობ. მართალი ცხოვრების წესით და პროპაგანდით შეიძლება. ახალგაზრდები გადიან და ტოვებენ საქართველოს, დასაქორწინებელიც არ დარჩება არავინ. ბუნებრივად გამოვა, რომ ვიცავთ სიწმინდეს, მაგრამ ოჯახები არ შეიქმნება საქართველოში“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“-ში კი ამბობენ, რომ პოზიციას კანონპროექტის შესახებ მისი გაცნობის შემდეგ შეაფასებენ.
„ჯერ არ გვინახავს ეს კონკრეტული კანონპროექტები, ვნახავთ. იქ ადრე ჩამოთვლილ 7 პუნქტში ორი საკითხი იყო კრიტიკული და პრობლემური, უფლებების ნაწილში გამიჯვნის პრობლემის თვალსაზრისით. თუ ვინმეს აინტერესებს ეს პოზიციები, საერთოდ არ არის საჩქარო. ვნახავთ და ამის შემდეგ მივუბრუნდებით ამ საკითხს“, - აღნიშნა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა.