ამერიკული ცნობილი ფირმა „მაკდონალდსი“ უახლოეს ხანში თბილისში თავის ახალ რესტორანს ხსნის.
გარდა ამისა, ქალაქში ამ ფირმის კიდევ 22 რესტორნის გახსნა აქვს დაგეგმილი. ამერიკული ფირმა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთან“ აპირებს თანამშრომლობას.
„მაკდონალდსი“ მსოფლიოში ერთ ერთ ძლიერ ფირმად ითვლება. მისი საწესდებო კაპიტალი 20 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო შარშანდელმა წლიურმა მოგებამ ნახევარ მილიარდს მიაღწია.
ფირმა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთან“ აპირებს მჭიდრო თანამშრომლობას. ჯერჯერობით „მაკდონალდსი“ საქართველოს ბაზრის ათვისებით შემოიფარგლება, შემდეგ კი თავის რესტორნების ქსელს მთელ ამიერკავკასიაში განავრცობს.
„რეზონანსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „მაკდონალდსი“ საქართველოს მთავრობასთან მიწის გამოყოფაზე ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. მას სურვილი აქვს, რომ თბილისის ახლოს მდებარე სავარგულები იჯარით აიღოს. აქ მოყვანილი პროდუქტით ის აპირებს თავისი ობიექტების მომარაგებას.
ფირმის ექსპერტების გაანგარიშებით, თუ საქართველოში „მაკდონალდსმა“ ფეხი მოიკიდა, დაახლოებით 4-5 ათას ადამიანს სამუშაო გამოუჩნდება.
ასევე დასაქმდება ათასობით გლეხი, რომლებიც ფირმისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე იმუშავებენ.
ამჟამად უნგრეთში, სადაც „მაკდონალდსის“ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობა მდებარეობს, 16 ქართველი ახალგაზრდაა გაგზავნილი სტაჟირებისათვის.