შალვა პაპუაშვილი:  არ მოქმედებდა ეს სანქციები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ თითის ქნევა ქართველი ხალხის მიმართ არ მოქმედებს

შალვა პაპუაშვილი: არ მოქმედებდა ეს სანქციები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ თითის ქნევა ქართველი ხალხის მიმართ არ მოქმედებს

ქართველ ხალხს სანქციებით ელაპარაკებოდა რუსეთი წლების განმავლობაში და ცდილობდა, სანქციებით დაეყოლიებინა რაღაცებზე. არ მოქმედებდა ეს სანქციები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი დამოკიდებულება, თითის ქნევა ქართველი ხალხის მიმართ არ მოქმედებს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველებთან სანქციებით საუბარი არის რუსული სტილი, შანტაჟი და ხელისუფლება შანტაჟის ქვეშ გადაწყვეტილებებს არასოდეს მიიღებს.

„ჩვენ არ ვიცნობთ ასეთ ევროპას, რომელსაც უნდა, რომ დასაჯოს ქართველი ხალხი. ჩვენ არც გვინდა, რომ ასეთი ევროპა გავიცნოთ. თუ უნდათ, რომ თავი გაგვაცნონ ასეთ ევროპად, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ასეთს ვიცნობთ რუსეთს. ქართველ ხალხს სანქციებით ელაპარაკებოდა რუსეთი წლების განმავლობაში და ცდილობდა, სანქციებით დაეყოლიებინა რაღაცებზე. არ მოქმედებდა ეს სანქციები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი დამოკიდებულება, თითის ქნევა ქართველი ხალხის მიმართ არ მოქმედებს.

გავიგეთ, რომ უყურებენ რუკას, ხედავენ, რომ პატარა ქვეყანა ვართ. უყურებენ სტატისტიკას და ხედავენ, რომ ცოტანი ვართ. ბევრი ქვეყანა ასე წლების, ასწლეულების და ათასწლეულების განმავლობაში უყურებდა იმავე რუკას და ხედავდა ჩვენს სიმცირეს, ზომითაც და რაოდენობითაც, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ არ ჭრის ეს საბოლოო ჯამში ქართველების მიმართ? ამიტომ მე ერთ რამეს ვიტყვი: ეს ქცევა, ქართველებთან სანქციებით საუბარი არის რუსული სტილი. თუკი ვინმეს უნდა, ეს რუსული სტილი აირჩიოს, ეს მისი ნება და გადაწყვეტილებაა. ჩვენთვის მთავარია, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის სახელით. ამ რეაქციებმა, რაც ვნახეთ, წარმოუდგენელი რაღაცები, ვინ რა და როგორ იკადრა - ამან დაგვარწმუნა მთავარ რამეში, რომ თუკი ამ კანონზე შეიძლება რაიმე ეპითეტის თქმა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელიც კი მიუღია საქართველოს პარლამენტს.

აშშ-ის მხრიდან ჩვენ ვნახეთ მოსამართლეებზე სანქციები და ამის შემდეგ ვნახეთ არასერიოზული განცხადებები ჟურნალ-გაზეთებში რაღაცების ამოკითხვასთან დაკავშირებით, ამიტომ ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენ საკუთარ დღის წესრიგს ამის მიხედვით არ ვაწყობთ. ოდესმე ვაწყობდით დღის წესრიგს იმაზე, რუსეთი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ან არ მიიღებს? ამას ჰქვია შანტაჟის ქვეშ ცხოვრება. საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენ აგვირჩიეს იმისთვის, რომ განვახორციელოთ მათი ნება და ინტერესები და არა იმისთვის, რომ სხვების შანტაჟის ქვეშ მივიღოთ გადაწყვეტილება. ნებისმიერი ასეთი განცხადება არის შანტაჟი და ჩვენ შანტაჟის ქვეშ არასოდეს მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.