თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.
როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, სამართლებრივად და ტექნიკურად ყველა ის პუნქტი, რომელიც ქარტიაშია წარმოდგენილი, არის უბრალოდ შეუსრულებელი, რადგან ასეთ რამეს არ იცნობს არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კანონმდებლობა.
„პრეზიდენტის ქარტიას აქვს ერთადერთი მიზანი - საზოგადოება მოატყუოს და შეცდომაში შეიყვანოს, დააჯეროს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება არა „ნაციონალური მოძრაობა“ - სისხლიანი რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას 2012 წლამდე, არამედ რაღაც სხვა პოლიტიკური პარტია, პარტიების ერთობა, რომელიც აიღებს გარკვეულ ვალდებულებებს თუ როგორ უნდა მოემზადოს ქვეყანა ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთი რიგგარეშე არჩევნებისთვის. თუ აღმოჩნდა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, შეცვლიან კანონმდებლობას და კონსტიტუციას, რაზეც იყო საუბარი, მაშინ რა საჭიროა საერთოდ რიგგარეშე არჩევნები?! თუ არასამართლიანი საარჩევნო გარემოა, ოპოზიცია როგორ გაიმარჯვებს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს ხომ?! თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ეს ქარტია რისთვის დაწერეს?!
სწორედ საპარლამენტო უმრავლესობა წარუდგენს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მერე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარუდგენს მთავრობას, პროგრამას და კაბინეტის წევრებს პარლამენტს. აქ პრეზიდენტი რა კავშირშია?! სამართლებრივად და ტექნიკურად რომ ვთქვათ, ყველა ის პუნქტი, რომელიც იქ [ქარტიაშია] წარმოდგენილი, არის უბრალოდ შეუსრულებელი, რადგან ასეთ რამეს არ იცნობს არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კანონმდებლობა. პრეზიდენტმა პირდაპირ დააანონსა ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ე.წ. რეპრესიები, რადგან როდესაც შენ კონსტიტუციური ვადით არჩეულ თანამდებობის პირებზე საუბრობ რომ ისინი აღარ იქნებიან თანამდებობაზე, იგივე ეხება სუს-ის უფროსს, გენერალურ პროკურორს, რომელიც მომავალში უნდა აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა, იგივე ეხება უკვე არჩეულ ცესკო-ს თავმჯდომარეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები უნდა აიძულონ დაწერონ განცხადებები და თანამდებობიდან წავიდნენ.
ესენი [ოპოზიცია] ამბობს, რომ ჩვენ ახლა მოვიგებთ არჩევნებს, მომავალი 1 წლის განმავლობაში გავწმენდთ ჩვენთვის მიუღებელი კადრებისგან ყველა სისტემას, შევცვლით კონსტიტუციასო, კანონმდებლობას მოვარგებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მერე კიდევ ერთხელ, კიდევ უფრო მაღალი პროცენტით გაყალბებული არჩევნებით მოვა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და დარჩება ალბათ მთელი ცხოვრება სანამ სააკაშვილი იქნება ცოცხალი“ , - აღნიშნა ბოჟაძემ.
„ქრონიკის“ ინფორმაცია დადასტურდა - პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.