საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით და არა სხვა ქვეყნების, ხალხების თუ ხელისუფლებების მანდატით თუ მითითებით. ამიტომ, ერთადერთი ჩვენ ვინც გვაძლევს მითითებას და მანდატს კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ეს არის ქართველი ხალხი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იგი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის 80% მომხრეა გამჭვირვალობის, 60% კი მომხრეა, რომ კანონი იყოს მიღებული. შესაბამისად, ისინი ქართველი ხალხის შეკვეთით მოქმედებენ და სწორედ ამას ჰქვია დემოკრატია.
„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლოა, არ ემთხვეოდეს სხვა ხალხების ინტერესებს. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თემა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებშია. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს მათ ინტერესებს, რომელთა დაფინანსებაზეც აქ არის საუბარი. მათ შორის, აშშ-ის დაფინანსებასა და ფულს, მათ შორის, ევროკავშირის დაფინანსებებს, რუსეთისა თუ იქნება ეს სხვა ქვეყნები, რომელთაც შესაძლოა, ჰქონდეთ ინტერესი ფულადი სახით სხვადასხვა პროცესში მონაწილეობის. რა თქმა უნდა, ეს თავისი არსით ეწინააღმდეგება ან მინიმუმ, დისკომფორტს უქმნის დონორსა და დამფინანსებელს.
ყველაზე ძალიან მე გული მწყდება იმაზე, რომ როდესაც ვისმენთ აშშ-ის, თუ ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალური პირის განცხადებებს, დღემდე ვერ ამოვიკითხე ვერც ერთ განცხადებაში პირობა ქართველი ხალხისთვის, რომ ამერიკიდან, ევროკავშირიდან შემოსული ფული იქნება გამჭვირვალე და რომ მზად არიან ქართველი ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულება აჩვენონ. ეს პირიქით, აჩვენებს ზუსტად მოტივაციას, რომ ამ კრიტიკის დიდი ნაწილი მოტივირებულია იმით, რომ კვლავ დაფარული დარჩეს თანხები, რომელიც საქართველოში იხარჯება.
ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ ამ თანხების ნაწილი იხარჯება პოლიტიკურ პარტიებზე, რაც კონსტიტუციისა და კანონებისთვის გვერდის ავლაა. დანამდვილებით ვიცით, რომ საერთო თანხების ნაწილი, რომელიც ფარულია, იხარჯება რადიკალური ჯგუფების, მოლოტოვის კოქტეილების პოპულარიზაციის, კანვასებისა და ასეთი პროექტებისთვის. საზოგადოებამ ეს ხომ ვიცით! ამიტომაც არის ეჭვი, რომ მათ შორის, შტურმისა და კამპანიის ერთ-ერთი მოტივაცია არის, როგორც აქამდე იყო გარკვეული თავისუფლება, ფარულად, მოსახლეობისთვის დამალულად დაეხარჯათ თანხები, ეს შესაძლებლობა კანონის მიღების შემდეგ აღარ იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა საქართველოს პრეზიდენტს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით წერილით მიმართა. მასში აღნიშნულია, რომ შეშფოთებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. „ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან“, - ნათქვამია წერილში.