ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სამყაროს სამი უძველესი გალაქტიკის ფორმირება დააფიქსირეს. ეს გალაქტიკები 13 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა.
აღმოჩენა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა და მას ბევრი რამის თქმა შეუძლია იმაზე, თუ როგორ ყალიბდებოდა პირვანდელი სამყარო.
პირველად ასტრონომიის ისტორიაში, ნილს ბორის ინსტიტუტის მკვლევრებმა დაინახეს სამყაროს სამი უძველესი გალაქტიკის დაბადება. საუბარია პროცესზე, რომელიც დაახლოებით 13,3-დან 13,4 მილიარდი წლის წინ ხდებოდა.
ვების ტელესკოპის საშუალებით მკვლევრებმა დიდი რაოდენობით გაზისგან ფორმირებული სტრუქტურები დააფიქსირეს. მსგავსი პროცესი კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით გვინახავს, მაგრამ რეალურად ეს აქამდე არ დაუფიქსირებიათ.
"შეიძლება ითქვას, რომ ეს გალაქტიკების წარმოქმნის პირველი 'პირდაპირი' გამოსახულებებია", — თქვა კასპერ ელმ ჰაინცმა, ნილს ბორის ინსტიტუტიდან, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.
მკვლევრების შეფასებით, ეს სამი გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 400-600 მილიონი წლის შემდეგ დაიბადა.
დიდი აფეთქებიდან მალევე, სამყარო წყალბადის ატომების უზარმაზარი გაუმჭვირვალე აირი იყო — დღევანდელი დღისგან განსხვავებით, სადაც ღამის ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი.
"დიდი აფეთქებიდან რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში, პირველი ვარსკვლავები წარმოიქმნა. ეს პროცესი ხდებოდა მანამ, სანამ ვარსკვლავები და გაზი დაიწყებდა გალაქტიკებად გაერთიანებას. სწორედ ეს დავინახეთ ახლა ჩვენ", — თქვა ასტრონომმა, დარახ უოტსონმა.
გალაქტიკების დაბადება მოხდა სამყაროს ისტორიის იმ მონაკვეთში, რომელიც ცნობილია როგორც რეიონიზაციის ეპოქა. ამ დროს პირველი გალაქტიკების ენერგიამ და სინათლემ წყალბადის გაზის ნისლები გაარღვია.
სწორედ ეს დიდი რაოდენობით წყალბადის აირი დააფიქსირეს მკვლევრებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ინფრაწითელი ხედვის გამოყენებით. ეს არის ცივი, წყალბადის გაზის ყველაზე შორეული მასალა, რომელიც ვარსკვლავებისა და გალაქტიკების სამშენებლო ბლოკს წარმოადგენს და რომელიც დღემდე დაგვიფიქსირებია.
მკვლევრების მიზანი სამყაროს გარიჟრაჟის გამოკვლევა და გაგებაა. ეს ბოლო შედეგი აახლოებს მათ ამის გააზრებაში.
ასტრონომები ახლა კონკრეტული კვლევის გაგრძელებას გეგმავენ.
"ამ მომენტისთვის ეს ჩვენი რეკორდია, ასეთ შორეულ წარსულში გალაქტიკების ფორმირება ჩვენ არასდროს დაგვიფიქსირებია", — ამბობენ მკვლევრები.
მათი თქმით, ახალი ცოდნა ხელს შეგვიწყობს მივიღოთ პასუხი ერთ-ერთ ძირითად შეკითხვაზე:
"ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური შეკითხვა, რომელიც ჩვენ ადამიანებს ყოველთვის გვაინტერესებდა, შემდეგია, საიდან მოვდივართ? ეს ბოლო კვლევა პასუხს გვცემს იმაზე, თუ როგორ ფორმირდა სამყაროს პირველი სტრუქტურები", — აღნიშნულია კვლევაში.