ვლადიმერ ბოჟაძე: ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ ევროპული სტანდარტი და დემოკრატია გაუმჭვირვალობა ყოფილა, რაც ტყუილია

ვლადიმერ ბოჟაძე: ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ ევროპული სტანდარტი და დემოკრატია გაუმჭვირვალობა ყოფილა, რაც ტყუილია

ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ თურმე ევროპული სტანდარტი და დემოკრატია გაუმჭვირვალობა ყოფილა, რაც ტყუილია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ბოჟაძე იმედოვნებს, რომ გამჭვირვალობის კანონის შესახებ ეუთოს დასკვნა ისეთივე პოლიტიზებული არ იქნება, როგორც ეს ვენეციის კომისიის დასკვნა იყო.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობის პრინციპზე, აღმოჩნდა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში უნდა არსებობდნენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც შეიძლება გაუმჭვირვალეები იყვნენ და ესენი არიან სამოქალაქო სექტორი და მედია. სახელმწიფო სრულად უნდა იყოს გამჭვირვალე, ბიზნესი სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს და თურმე არაევროპული ყოფილა, რომ საქართველომ, ამ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე მდგარმა ქვეყანამ სამოქალაქო სექტორს მოსთხოვოს გამჭვირვალობა. ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ თურმე ევროპული სტანდარტი და დემოკრატია გაუმჭვირვალობა ყოფილა, რაც ტყუილია.

იცით, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეც იმყოფებოდა საქართველოში და შეხვდა პრემიერსაც. იმედს ვიტოვებთ, რომ ეუთოს დასკვნა არ იქნება ისეთი პოლიტიზებული, როგორიც ეს ვენეციის კომისიის დასკვნა იყო. თავად გვეუბნებიან, რომ ამ სახით კანონი არ უნდა დარჩეს, თუმცა იციან რომ სხვა გზა არ გვაქვს კანონმდებლობით. [მსჯელობის] სივრცე უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ვეტო, რომ წარმოადგენდა მოტივირებულ შენიშვნებს. გვრჩება ერთი სივრცე, რომელიც ეუთო/ოდირის მოლოდინია. საქართველომ ამ კანონის გარეშე დაიმსახურა მთელი ის წარმატება რასაც მივაღწიეთ, ასეთივე ზეწოლა იყო სანამ კანდიდატის სტატუსს მივიღებდით სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ომის დაწყებაზე, თუმცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს და ასევე წარმატებით და ღირსებით ვაპირებთ მივიღოთ მოლაპარაკების გახსნა და სვლა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ“, - აცხადებს ბოჟაძე.