გამოცემა The Nation-ი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიის ავტორი პროტესტის მიზეზებზე წერს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ აქციას ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ.
„მაღალჩინოსანი უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მონაწილეობა საკმაოდ უჩვეულოა. როდესაც 2019 წელს იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ლუიჯი დი მაიო საფრანგეთში „ყვითელ ჟილეტებს“ შეხვდა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი ვიზიტი დაგმო და მიუღებელ პროვოკაციად შეაფასა“, - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი ასევე ეხება საქართველოში მიმდინარე პროტესტების უკრაინულ ევრომაიდანთან შედარებას და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ 2014 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ანულირების შესახებ განაცხადა და რუსეთთან შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
„საქართველოში კი, მიუხედავად იმისა, რომ მას ანტიევროპულს უწოდებენ, სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიაღწია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადი დაგეგმილზე 2 წლით ადრე შეიტანა - ეს არ ჰგავს იმ მთავრობის საქციელს, რომლისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ სალაპარაკო თემაა“, - აღნიშნავს ავტორი.
მისივე აზრით, თბილისის უარს, შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ასევე აქვს ახსნა - რუსეთი საქართველოსთვის სიდიდით მეორე ეკონომიკური პარტნიორია, ოკუპირებულ რეგიონებში კი რუსეთის ჯარი დღემდე რჩება, ამიტომ „კრემლის გაღიზიანების სერიოზული საფასურის გააზრება არ ნიშნავს მოსკოვისადმი შემწყნარებლობას“.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ არც საქართველოს მთავრობის ავტორიტარულად წარმოჩენა არის ზუსტი, რადგან ქვეყანაში მრავალი პოლიტიკური პარტია, მედიასაშუალება თუ „ენჯეო“ ხმამაღლა აკრიტიკებს მთავრობას. თუმცა, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მოიგო ყველა საპარლამენტო თუ ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც ეუთოსა და ნატოს წარმომადგენლებმა კონკურენტულად და კარგად ჩატარებულად შეაფასეს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ცოტა ხნის წინ, გამჭვირვალობის კანონის ინიცირების შემდეგ ჩატარებულმა სოციალურმა კვლევამ აჩვენა - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა (31,4%) ხმას კვლავ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 9,6% აირჩევდა.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ უიმედო ელექტორალური შანსების ფონზე, სწორედ „ენჯეო“ სექტორი იქცა ოპოზიციის ცენტრად საქართველოში. ის ასევე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს არასამთავრობო სექტორის თავისებურებებზე და აღნიშნავს, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპისგან განსხვავებით, სადაც ასეთ ორგანიზაციებს ფილანტროპები და მოხალისეები ქვეყნის შიგნიდან აფინანსებენ, საქართველოს დაახლოებით 10 ათასი „ენჯეოდან“ 90% საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
გამოცემის რესპონდენტი, პროფესორი სტივენ ჯონსი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ კვლევით პროგრამას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ვერ გადარჩება. „ნაწილობრივ ეს იმით არის განპირობებული, რომ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები არ არიან კარგად დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებთან. ისინი რაღაცნაირად იზოლირებულები არიან საქართველოს საზოგადოებისგან“, - აღნიშნავს პროფესორი.
ავტორის თქმით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთი უჩვეულო მახასიათებელი არჩეული მთავრობისადმი მიკერძოებული დამოკიდებულება და თითქმის ტოტალური მტრობაა. პროფესორი ჯონსი ამბობს, რომ ბრიტანეთსა და ევროპაში „ენჯეოებს“ მთავრობასთან ზოგადად კარგი ურთიერთობა აქვთ. „დასავლური დემოკრატიებისთვის საბაზისო მოსაზრებაა, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის საჭიროა სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის თანამშრომლობა. საქართველოში ასე არ არის“, - ამბობს ჯონსი. სტატიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებიცაა მოყვანილი, რომლებშიც ისინი მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ“.
გამოცემის კიდევ ერთი რესპონდენტი, თბილისში მცხოვრები აქტივისტი სოფო ჯაფარიძე ამბობს: „მთლიანი ეკოსისტემა მთავრობის წინააღმდეგაა და „ენჯეოებს“ საზღვარგარეთ მეტი გავლენა აქვთ, ვიდრე მთავრობას“. „ძნელი წარმოსადგენია მთავრობა, რომელიც ასეთ ვითარებას მოითმენს და არ შეეცდება იმის უზრუნველყოფას, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც არავის აურჩევია და რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, არ ჰქონდეთ ასეთი გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე“, - აღნიშნავს ავტორი.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობის კანონის მსგავსი რეგულაციები მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ფინეთში და ისრაელში, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრ უნგრეთსა და სლოვაკეთში.
„ირონიულია, რომ ევროკავშირი, რომელიც ქართული კანონის ყველაზე მძვინვარე კრიტიკოსია, ამჟამად თავად ამზადებს დირექტივას, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაციას ითვალისწინებს.
ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეები ვერ აღიქვამენ დასავლეთის მიერ დაფინანსებულ ჯგუფებს უცხოელ აგენტებად. „მათ თვალში უცხოელი აგენტი შეიძლება მხოლოდ რუსეთთან იყოს დაკავშირებული. მათ არ აღელვებთ სუვერენიტეტისა და ავტონომიის დაკარგვა ევროპასთან მიმართებით. აქტიურად სთხოვენ ევროპას: „გთხოვთ, ჩაერიეთ ჩვენს შიდა საქმეებში“, - ამბობს ჯაფარიძე.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პროტესტში, რომელიც დასავლურ მედიაში გაშუქებულია, როგორც ქართველი ხალხის ავთენტური ხმა, ძირითადად თბილისში მცხოვრები ლიბერალი ახალგაზრდები მონაწილეობენ. მაშინ, როდესაც საქართველოს საზოგადოება კონსერვატიულია და ყველა გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე დიდი პოპულარობით ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე სარგებლობს.
ავტორი ასევე აღნიშვნას, რომ მაშინ, როდესაც დემონსტრანტები ხმამაღლა საუბრობენ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების მხარდაჭერაზე, 2022 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველების 75% ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ლგბტქ ადამიანებს კანონით უნდა ეკრძალებოდეთ შეკრება და გამოხატვის უფლება.
„არსებობს ბევრი გზა იყო ევროპელი, როგორც ეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა გვაჩვენეს. ისინი, როგორც საქართველო აერთიანებენ ძლიერ ევროპულ იდენტობას სოციალურად კონსერვატიულ მოსაზრებებთან და უარს ამბობენ რუსეთთან კავშირების გაწყვეტაზე. ამ გადმოსახედიდან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სულაც არ არის შეუთავსებელი ბლოკში წევრობასთან, მით უმეტეს იმის გათვალისწინებთ, რომ მემარჯვენე და პოპულისტური პარტიების პოპულარობა ტრადიციულად ლიბერალურ ქვეყნებში იზრდება“, - აღნიშნავს ავტორი და დასძენს, რომ მმართველი პარტიის ოპონენტებმა დასავლელი პოლიტიკოსების, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ მხარდაჭერის ფონდზე შესაძლოა უკრაინული სცენარის განმეორების ცდუნებას ვერ გაუძლონ.