ეს კარგად ცნობილია წრეა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც ზურაბიშვილი არჩევნებზე „პროევროპულ ფრონტს გაუძღვება წინ”.
„რა წრე არის ეს? ეს კარგად ცნობილია წრეა. ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც დღეს დაახლოებით 3-4 პარტიად არის დაშლილი. ამიტომ ამომრჩეველი ამ წრეს ჰყავს ერთი და იგივე - “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი, რომელიც დღეს ამ დანაწევრებულ სეგმენტებზეა გადანაწილებული - ზოგი ორთოდოქსი “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეა, ზოგი მელია-გვარამიას, ზოგი ჯაფარიძე-ხოშტარიას ფრთის მხარეს არის და ზოგი ხაზარაძის, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ორგანულ ნაწილად იქცა. ალბათ, ისევ ამ წრის ლიდერი გახდება სალომე ზურაბიშვილი. ეს ამომრჩეველი როგორ სწყალობს სალომე ზურაბიშვილს, ეს კარგად ვიცით და აქედან გამომდინარე ვუსურვებ წარმატებებს მასაც და იმ “ნაციონალებს”, ვინც მისი ქოლგის ქვეშ იქნებიან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე შეფასებით, ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას და ამავე დროს არის კანონის დარღვევა.
“პირდაპირ წერია, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ უნდა იყოს და ეს ჩანაწერი გაკეთებულია იმიტომ, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში არის თანაბრად დაშორებული, ნეიტრალური და დამაბალანსებელი პოლიტიკური ფიგურა ჩვენი კონსტიტუციით და არა რომელიმე პარტიის პირდაპირი პოლიტიკური და საარჩევნო ინტერესების გამომხატველი”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.