რუსუდან შარაძე: დათო გამყრელიძე რომ ყვირის „არა რუსულ კანონს“, ჯობია მოიკითხოს, მის ოფისში, როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. „ალდაგის“ ორივე კამერა მკვლელობის მომენტში ეყენა ერთნაირი მიმართულებით, ამით დამალეს მკვლელის სახე

რუსუდან შარაძე: დათო გამყრელიძე რომ ყვირის „არა რუსულ კანონს“, ჯობია მოიკითხოს, მის ოფისში, როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. „ალდაგის“ ორივე კამერა მკვლელობის მომენტში ეყენა ერთნაირი მიმართულებით, ამით დამალეს მკვლელის სახე

კამერების, ვიდეოთვალის მთავარი დანიშნულებაა, რომ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ეყენოს, რომ გაკონტროლდეს ყველა მხრიდან პერიმეტრი. მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილზე, „ალდაგის“ ორივე კამერა ეყენა ერთნაირი მიმართულებით და იყურებოდა ვაკისკენ, - განაცხადა ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას, მისმა შვილმა, რუსუდან შარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

რუსუდან შარაძის თქმით, აღნიშნული სათვალთვალო კამერების გარდა, შანიძის ქუჩაზე დამონტაჟებული მესამე კამერა შეტრიალებული იყო საცხოვრებელი კორპუსისკენ, რითაც, დამალეს მკვლელის სახე, ვინაიდან, გურამ შარაძისთვის სროლის შემდეგ, მკვლელმა სწორედ ამ ქუჩაზე აირბინა.

ამასთან, რუსუდან შარაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური გურამ შარაძის მკვლელობის თანამონაწილეა და მიმართავს დავით გამყრელიძეს, „არა რუსულ კანონს“ ყვირილის ნაცვლად, ის მოიძიოს, რომ მის ოფისში გურამ შარაძის მკვლელები არიან.

„ამით დამალეს მკვლელის სახე, იმიტომ, რომ როდესაც მკვლელი კადრში შემოდის, ის მხოლოდ ზურგიდან ჩანს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. მესამე კამერა, რომელიც შანიძის ქუჩაზე ეყენა, წესით, სულ მცირე, გზას მაინც ხომ უნდა უყურებდეს, თუ მთელ პერიმეტრს, ტროტუარებით არ უყურებს. ეს კამერა იყო შეტრიალებული ტროტუარისკენ, სადაც სადარბაზოები ჩანს, ამით იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად ამ გზაზე აირბინა მკვლელმა და ის დამალეს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ „ალდაგის“ უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამ შარაძის მკვლელობის მონაწილე - შეიძლება მთელი შემადგენლობით არა, მაგრამ ნაწილი მაინც. ბატონი დათო გამყრელიძე რომ გამოდის და „არა რუსულ კანონს“ ყვირის, ჯობია ის მოიძიოს და მოიკითხოს, მის ოფისში როგორ მონაწილეობდნენ გურამ შარაძის მკვლელობაში. გთხოვთ, ვინც მისმენთ, გადაეცით დათო გამყრელიძეს, რომ მის კომპანია „ალდაგში“ არიან გურამ შარაძის მკვლელები“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.