ბოლოს ხელით როდის დაწერეთ? ბევრი ჩვენგანისთვის ხელით წერა წარსულია და ამის გაკეთება ფაქტობრივად აღარ გვიწევს. ტექსტის ასაკრეფად კლავიატურის გამოყენება უფრო სწრაფი და პრაქტიკულია, მაგრამ ჩნდება შეკითხვა, საერთოდ უნდა დავივიწყოთ თუ არა ხელით წერა?
და, აი, ახლა მკვლევრებს აინტერესებთ რა როლი აქვს დასწავლაში ხელით წერას. კვლევები აჩვენებს, რომ ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს. საინტერესოა, რომ ზოგიერთი მწერალი ციფრულ სამყაროშიც ხელით წერას აგრძელებს და ამის მიზეზად სწორედ შესაბამისი ბენეფიტები მოაქვთ.
ამის პარალელურად, სამყარო მეტად ციფრულდება და ადამიანებს კიდევ უფრო იშვიათად უწევთ კალმის გამოყენება. იგივე პროცესები ხდება სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვები კლავიატურაზე აკრეფას უფრო ადრე სწავლობენ, ვიდრე ხელით წერას.
თუმცა, სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარებაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის, ვინც ხელით წერით სწავლობს შესაბამისი უნარები უკეთ უვითარდება, ვიდრე იმას, ვინც კლავიატურას იყენებს.
საინტერესოა რა ხდება ამ მხრივ ზრდასრულებში. მაგალითად, 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც ლექციებსა და სემინარებზე ტექსტებს კლავიატურის სახით კრეფდნენ, უფრო ცუდი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე მათ ვინც ჩანაწერებს ხელით აკეთებდნენ.
და მაინც, რატომ არის ხელით წერა უკეთესი სწავლისთვის? პასუხი, როგორც ჩანს, დაკავშირებულია მოქმედების შედარებით უფრო კომპლექსურობასთან. ხელით წერა, ტექსტის აკრეფისგან განსხვავებით, მოითხოვს მეტ მოძრაობას, უნარსა და კოორდინაციას. ამიტომ, ეს პროცესი ჩვენი ტვინის მეტ უბანს ააქტიურებს.
ტვინის მეტი უბნის გააქტიურება სწავლის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. გარდა ამისა, არის ვიზუალური სისტემა, რომელიც ხელით წერისას ასევე უფრო გააქტიურებულია. მთლიანობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელით წერისას ტვინის კავშირები უფრო გააქტიურებულია, ვიდრე კლავიატურის გამოყენებისას. ამიტომ, ასეთ დროს საკითხი შეიძლება უფრო დაგვამახსოვრდეს.
ამ მხრივ საინტერესოა 2024 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევა. სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, როგორ აისახება ხელით წერა და კლავიატურაზე აკრეფა ტვინის ნეირონულ ქსელებზე. ამისთვის მათ 36 მოხალისეს თავზე მაღალი სიმკვრივის ელექტროენცეფალოგრამა (EEG) გადაუღეს. ისინი ეკრანზე გამოჩენილ სიტყვას ან ხელით წერდნენ, ან კლავიატურაზე კრეფდნენ.
პირველ შემთხვევაში, ცდისპირები სენსორულ ეკრანზე სამუშაოდ ციფრულ კალამს იყენებდნენ. მეორე ალტერნატივა კლავიატურა იყო, ანუ მათ სიტყვის დასაწერად თითოეულ ასოზე დაჭერა უწევდათ. EEG მეთოდით მონაცემები 256 სენსორის მეშვეობით შეგროვდა, რომლებიც ამ ინდივიდების თავზე იყო განლაგებული.
ანალიზმა აჩვენა, რომ ხელით წერისას მოხალისეთა ტვინში უფრო მყარი კავშირები ფიქსირდებოდა.
"ჩვენი შედეგები მიანიშნებს, რომ ვიზუალური და ქმედითი ინფორმაცია, რომელიც კალმით სარგებლობისას ხელის ზუსტად კონტროლირებადი მოძრაობისასაა მოპოვებული, დასწავლის ხელშემწყობ ნეირონულ კავშირებს განაპირობებს", — თქვეს მაშინ მკვლევრებმა.