ანდრია ჯაღმაიძე: ოჯახის სიწმინდის დღე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება, რა არის ფასეულობა, რომელიც საზოგადოებისთვის საერთოა - მშობლების პატივისცემა და ოჯახის სიწმინდე

ანდრია ჯაღმაიძე: ოჯახის სიწმინდის დღე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება, რა არის ფასეულობა, რომელიც საზოგადოებისთვის საერთოა - მშობლების პატივისცემა და ოჯახის სიწმინდე

ოჯახის სიწმინდის დღე უნდა გამოვიყენოთ, რომ კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება, რა არის ფასეულობა, რომელიც საზოგადოებისთვის საერთოა - მშობლების პატივისცემა და ოჯახის სიწმინდე, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა

„ჩვენ ამ პოლარიზებულ გარემოში, რასაც ახლა ვაკვირდებით, ვხედავთ ოჯახებში ძალიან მძაფრ დაპირისპირებას, ვხედავთ თაობებს შორის დაპირისპირებას. ოჯახის სიწმინდის დღე უნდა გამოვიყენოთ ჩვენ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მივაქციოთ ყურადღება იმას, რა გვაერთიანებს, რა არის ის ფასეულობა, რომელიც საზოგადოებისთვის საერთოა. ეს რა თქმა უნდა, არის მშობლების პატივისცემა და ოჯახის სიწმინდეც. ხვალინდელი დღეს სწორედ ამ ეგიდით უნდა გაიმართოს. ასე ვემზადებით, რომ ეს იყოს გამაერთიანებელი, მშვიდობის მომტანი და ერთმანეთისათვის მეტი სიყვარულის გაზიარების საშუალება”, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ღონისძიება მხოლოდ თბილისში არ გაიმართება.

„მსვლელობა ასევე გაიმართება რეგიონებში და ეპარქიებში: ბათუმი, ზუგდიდი, მარტვილი, აბაშა, ცაგერი-ლენტეხი, სენაკი-ჩხოროწყუ, ახალციხე, ქუთაისი, გორი, თელავი და მცხეთა”, - განაცხადა დეკანოზმა.

მისი განცხადებით, საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ერთობა გაფერმკრთალდა.

„ვფიქრობ, საზოგადოებას გარდა იმ საკითხებისა, რაც განსჯის თემაა [გამჭვირვალეობის შესახებ კანონი] დღეს და დაპირისპირების, ძალიან დიდი განცდა აქვს იმის, რომ ერთობა რაღაცნაირად გაფერმკრთალდა. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს დღე [17 მაისი] შემატებს ერთობას და მუხტს”, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.