ჩვენ ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო პროცესებს, როდესაც საზოგადოების პოლარიზება მიმდინარეობს ინტენსიურად,- ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მუდმივად არის მცდელობა, რომ ამ დაძაბულობაში ეკლესია რომელიღაცა პოლუსზე მოექცეს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკლესია უნდა იყოს გამაერთიანებელი, ეკლესიის გარშემო უნდა იყოს პლატფორმა, სადაც ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნება უმთავრეს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ. ამიტომ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ერთის მხრივ, ჩვენ მუდმივად მიგვითითებენ, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიოს ეკლესია და პრინციპში, ვცდილობთ, რომ ეს პოლიტიკური შეფასებები არ გავაკეთოთ. მეორეს მხრივ, მუდმივი მცდელობაა, რომ ასეთი შესაძლებლობა, პლატფორმა, სადაც დაპირისპირებულ ადამიანებს შეუძლიათ, რომ ერთობა ნახონ, ამის დატოვებაც არ უნდათ. მუდმივად არის მცდელობა, რომ ეკლესია რომელიღაცა პოლუსზე მოექცეს აი ამ დაძაბულობაში.
სამწუხაროა ეს და ვფიქრობ, რომ როგორც სპორტი არ დარჩა ნეიტრალურ პლატფორმად, როგორც ხელოვნება, როგორც სხვა რამ საკითხები და მოვლენები არ დარჩა ნეიტრალური ჩვენს ქვეყანაში, სადაც ადამიანები შეძლებდნენ შეთანხმებას, მცდელობა არის, რომ ეკლესიაც რაღაც პოლუსად აქციონ. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ მსგავსი ტენდენციები აღიკვეთოს და არ მოხდეს.
სამწუხაროა, ყოველგვარი მანიპულაცია რელიგიით“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.