წავედით თუ არა ექსტრემიზმში იმისთვის, რომ ჩვენი ამერიკელი, თუ დასავლელი მეგობრების გული მოგვეგო, დავკარგეთ ტერიტორიები და აღიარება ტერიტორიული მთლიანობის, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ განაცხადა.
გაჩეჩილაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ პირობებში, რუსეთის მიმართ რიტორიკა და ქცევა შეიცვალა.
„მე და მთელს ოპოზიციას გვეძახდნენ რუსებს, კრემლის აგენტებს. ორსაათიან, შვიდსერიან ფილმებს აკეთებდნენ ჩვენზე. ახლა რუსეთისადმი რიტორიკა ძალიან რადიკალურია, ქცევა არის შეცვლილი. ჩვენი მეზობელია რუსეთი და ამას ვერ შევცვლით. მსოფლიო პოლიტიკამ თუ აირჩია, ან მსოფლიო პოლიტიკის ნაწილმა სტრატეგიულად დანგრევა, ჩამოშლა რუსეთის იმპერიის, არ შეიძლება ჩვენ ამის ყველაზე აქტიური და რადიკალური მხარდამჭერები ვიყოთ. ამის გამო შევცვალეთ ის [„ნაციონალური მოძრაობის“] ხელისუფლება, სადაც ვიყავით რუსეთის წინააღმდეგ ავანგარდში, ჩავებით ომში, დავბომბეთ ღამის ცხინვალი და ა.შ. მანამდე, რუსეთიც კი ცნობდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.
რამდენჯერმე იმ დროს ცხინვალის გავლით რაჭაში ვარ ასული, იმდენად დამშვიდებული იყო სიტუაცია. წავედით თუ არა ექსტრემიზმში იმისთვის, რომ ჩვენი ამერიკელი, თუ დასავლელი მეგობრების გული მოგვეგო, დავკარგეთ ტერიტორიები და აღიარება ტერიტორიული მთლიანობის. რაც დრო გადის, ამის [ტერიტორიების დაბრუნების] იმედი სულ უფრო და უფრო იკლებს. ომის რიტორიკა დგას ჩვენს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთშიც ომია, უკრაინაშიც და ყველგან ომია. ჩვენი ყველაზე სწორი პოლიტიკა ეს არის მიუმხრობლობის პოლიტიკა. რასაც შეგვიძლია ჩვენი პატარა სახელმწიფოს დონეზე, იმას ვაწერთ ხელს - ავღანეთში ჯარები გავაგზავნეთ, ბიჭები დავკარგეთ, რაც არ შეგვიძლია, არ შეგვიძლია, რადგან ის არშეძლება უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას. 20% ხომ დავკარგეთ ტერიტორიის, 20%-ს დავკარგავთ კიდე, თუ ვიქნებით აგრესიულები, თუ ვიქნებით მხარე ომის რიტორიკის. ომის რიტორიკა რომაა ახლა მსოფლიოში, ეს ვინმეს უკვირს?! ეს არ იციან ჩვენმა პოლიტიკოსებმა?“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.