„ჩემს ცოლს ანდერძი დავუტოვე, თუ მომკლავენ, მკვლელს მადლობა გადაუხადეთ-მეთქი – ასე ჩემს შვილთან მისასვლელ გზას შემიმოკლებს. პასუხი იმას მოსთხოვეთ, ვინც ჩემი და ჩემი შვილის მოკვლა დაავალა, მაგრამ, სიკვდილით არც ის დასაჯოთ. მკვლელისთვის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, ლაშა და გურამ შარაძეების სისხლით რომ ექნება ხელები შეღებილი!”
1998 წლის 17 ივნისი: საკუთარ სახლში მოკლულ იქნა ლაშა შარაძე. 2007 წლის 20 მაისი: თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, მელიქიშვილის გამზირზე, მოკლულ იქნა გურამ შარაძე. 2009 წლის 30 ივნისი: მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა გიორგი შარაძე – ასეთია ცნობილი ლიტერატორის, აკადემიკოსის, მკვლევრისა და პოლიტიკოსის, გურამ შარაძის ცხოვრების ფურცლები, კაცის, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი და მომავალი თაობები წიგნიერი ყოფილიყო; გავფრთხილებოდით მას, რაც ჩვენთვის ყველაზე ფასეული იყო. გარდა ამისა, მათ, ვინც ბატონ გურამს ახლოდან არ იცნობდა, ვეტყვით, რომ იგი გახლდათ მაღალი ზნეობრივი თვისებების მქონე, თბილი, ყურადღებიანი, კარგი მოსაუბრე, ნამდვილი ჯენტლმენი, კაცთმოყვარე, რბილი და დამყოლი ხასიათის ადამიანი. დღეს მის ტრაგიკულ ცხოვრებაზე გესაუბრებით.
გურამ შარაძე დაიბადა 1940 წლის 17 ოქტომბერს, ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში. მისი წინაპარი ცნობილი ქართველი მამულიშვილი მაქსიმე შარაძე გახლავთ (მაქსიმე შარაძეს 1880-იან წლებში გამოცხადება ჰქონია – ილია ჭავჭავაძეს მსახურად უნდა დაუდგეო. ღვთის ნებას დაჰყოლია, სოფელ ეწრადან თბილისში ილია ჭავჭავაძესთან ფეხით ჩამოსულა და კარზე მსახურად დასდგომია, მოგვიანებით კი ილია ჭავჭავაძის სტამბის მეპატრონე და გაზეთ „ივერიის” გამომცემელი გახდა. ილიას დროის „ივერიაზე” მხოლოდ ორი გვარი აწერია: „რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, სტამბა და გამოცემა მაქსიმე შარაძისა“. მან, აგრეთვე, მიუნჰენიდან მუსიკალური ნოტების ცოდნა და ბეჭდვის კულტურა შემოიტანა). 1958 წელს გურამ შარაძემ ოქროს მედალზე დაამთავრა ოზურგეთის მესამე საშუალო სკოლა და ჟურნალისტიკის დიდი სიყვარულის მიუხედავად, დედის დაჟინებული თხოვნით, თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. მალე ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის ლაურეატიც გახდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა ახლად დაარსებულ რუსთაველის სახელობის კაბინეტში დაიწყო და რუსთველოლოგიის ბიბლიოთეკა შექმნა. შემდეგ სამუშაოდ რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში გადავიდა. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1964 წელს დაქორწინდა სვეტლანა გახარიაზე. შეეძინათ სამი შვილი: ლაშა, გიორგი და რუსუდანი.
„შიში ყოველთვის ერთადერთის მქონდა – სიკვდილის. ჩვენს სახლთან ისე ვერ გაივლიდი, სასაფლაოები რომ არ გაგევლო და სულ ვფიქრობდი: დედა რომ მომიკვდეს რა მეშველება-მეთქი. მართლაც, დედა ადრე დავკარგე, შემდეგ – მამა, ძმა და, დედაჩემის გარდაცვალებიდან 30 წლისთავზე – ჩემი ლაშა. რომ მცოდნოდა, ლაშას რაც ემუქრებოდა, იმ ტყვიას პირველი მოვძებნიდი და თავად ვიხლიდი გულში. ლაშა რომ მოკლეს, იმ დღეს გავიგე ჩემი რძლის ფეხმძიმობის ამბავი. 1999 წლის 15 იანვარს ქვეყანას ლაშა ლაშას ძე შარაძე მოევლინა.
ჩემი შვილის, ლაშას დაბადებამდე ორი თვით ადრე, ჩემს მეუღლეს გამოეღვიძა და მეუბნება კაბენი არ დაგავიწყდესო. ვერ მივხვდი, რა კაბენზე მელაპარაკებოდა. თურმე, კაბენის ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთქვამს: შვილები რომ შეგეძინებათ, თამარის შვილების სახელები დაარქვითო. ჩვენს შვილებს ლაშა, გიორგი და რუსუდანი დავარქვით. ლაშამ ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა წარჩინებით დაამთავრა. ბრწყინვალედ ფლობდა ფრანგულ ენას. სამედიცინოზე მისაღები გამოცდები სულ ხუთებზე ჩააბარა, შემდეგ გერმანიაში გაგზავნეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. როდის მოასწრო გერმანული ენის სწავლა, არ ვიცი. ერთხელ ჩავაკითხე კიდეც გერმანიაში, მიუნჰენში იყო. მისით აღფრთოვანებულები იყვნენ პროფესორ-მასწავლებლები – თავისუფლად შეუძლია, დარჩეს, მისგან დიდი ქირურგი დადგებაო; მაგრამ, ლაშამ არ მოისურვა – ჩემისთანა ექიმების მეტი რა ჰყავთ, მე ჩემს ქვეყანას ახლა ვჭირდებიო და წამოვიდა. ერთი პერიოდი პარლამენტშიც მუშაობდა, ჯანდაცვის კომიტეტში, აპარატის დაკომპლექტება რომ დაიწყო. ხათუნა გოგორიშვილს ვუთხარი: ფრანგული და გერმანული იცის, ინგლისურს ვერ ჩააბარებს-მეთქი. საგანგებოდ მოიწვია ფრანგულენოვანი კომისია. მერე დერეფანში შემხვდა და მეუბნება: ბატონო გურამ, ეს რა ხუმრობა იყოო. გავოცდი. ვიფიქრე, გამოცდიდან თუ გაიპარა ჩემი შვილი, რაზე მეუბნება ამას, რა მოხდა-მეთქი. აკი მითხარით, ინგლისური არ იცის, ბრწყინვალედ ჩააბარა ინგლისურში გამოცდაო. გაოგნებული დავრჩი. ყველაფრით მაოცებდა. ლაშას ნათლია გახლავთ დევი ბეჭვაია. ქალიშვილი შეეძინა და წავედით სანახავად. ლაშა მაშინ 4 წლის იყო. მივედით. ბავშვი რაღაც ჭირვეულობს, ტირის, ვერ აჩერებენ. ლაშა მივიდა დევისთან და ეუბნება: დევი ნათლია, იცით, რა? ნინოს გაზგამყვანი მილი უნდა გაუკეთოთ და გაჩერდებაო. მართლაც, ბავშვს გაუკეთეს თუ არა გაზგამყვანი მილი, ტირილი შეწყვიტა. 4 წლის ბავშვმა იცოდა, რა უნდა გაეკეთებინათ ბავშვისთვის. ლაშიკო ექიმი გახდა, ნინო ბეჭვაია კი – 4 წლის ლაშიკოს პირველი პაციენტი. ძალიან მორიდებული და მოწესრიგებული ბიჭი იყო. 27 წლის ასაკში დაოჯახდა. ორი ვაჟი დარჩა. პირველს თვითონ დაარქვა სახელი – გურამი, ჩემს პატივსაცემად. მის მეორე შვილს კი მე დავარქვი. ბედნიერი იყო, სიცოცხლე უყვარდა და დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ ვერ დავიცავი ჩემი ლაშას სიცოცხლე. საფრთხეს ვგრძნობდი და მზად ვიყავი დარტყმის მისაღებად, მაგრამ, არა შვილების, არა ჩემი ვაჟკაცის სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე.
... ჩემი რძალი – ადა, შაბათ-კვირას დედამისთან მიდიოდა ხოლმე და მკვლელმა ეს კარგად იცოდა. ლაშა სამი დღის უძინარი იყო. ძალიან მძიმე ავადმყოფი ჩამოეყვანათ ზუგდიდიდან – 10 წლის ბავშვი და, სანამ არ გამოაკეთა, გვერდიდან არ მოშორებია, ფაქტობრივად, სიკვდილს გადაარჩინა. მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ლაშა ისე მუშაობდა, ერთ თეთრსაც არ ართმევდა პაციენტს. სამი დღის შემდეგ, დაღლილ-დაქანცული წასულა სახლში. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ლაშა ვიღაც მაღალ კაცთან ერთად დაუნახავთ – მაღაზიაში ლუდის შესაძენად შემოვიდაო. ღამით ჩვენთან დაურეკავს, დედასთან უსაუბრია. საერთოდ, ყოველ დილა-საღამოს მირეკავდა, იმ დილით კი აღარ დარეკა. რომ დაღამდა და აღარ გამოჩნდა, ავფორიაქდით. მივედი მასთან სახლში. მანქანა იქ იდგა. ვაკაკუნე კარზე, მაგრამ, არავინ გამიღო. სასწრაფოდ წავედი რძალთან საბურთალოზე. მერე ჩემს მეუღლეს დავურეკე და წავედით ისევ მცხეთის ქუჩაზე. გასაღები იქვე ეკიდა ხოლმე და არ დაგვხვდა, გამქრალიყო. ჩემი მძღოლი აძვრა აივანზე და კარს მიაწვა. კარს გარედან რკინის ხარიხები ჰქონდა, ჩვეულებისამებრ, ლაშა შიდა კარს ღიას ტოვებდა, ხარიხები კი ყოველთვის ჩაკეტილი ჰქონდა. აი, როდესაც ეს რკინის ხარიხები ხელის მიწოლისთანავე გაიღო, მივხვდი, რომ ლაშა მოკლული იყო (ამ კართან დაკავშირებით ადრე ასეთი ისტორია მოხდა: ზამთარში ლაშას „დვიჟოკი” მოჰპარეს. კი განვაცხადეთ პოლიციაში, მაგრამ, არავითარი შედეგი ამას არ მოჰყოლია – რა დროს „დვიჟოკიაო“). ჩემმა მძღოლმა დაიყვირა – ვაიმე, ლაშაო... ადგილზევე ჩავიკეცე. მოვიდნენ სამართალდამცველები – ქალაქის პროკურორის პირველი პირი, უშიშროების პირველი პირი, გენპროკურორი... არავინ აკლდა. კახა თარგამაძე რომ დავინახე, შევყვირე: კახა, მომიკლეს შვილი-მეთქი? არა, ბატონო გურამ, თქვენი შვილი ნასვამი ყოფილა და თავისსავე ნარწყევში დამხრჩვალაო. ბინაში არ შემიშვეს – უცხო პირთა შესვლა არ შეიძლებაო. რატომ ვიყავი უცხო პირი, ეს ვერ გავიგე. მერე ზემოთ, მეზობლის ბინაში ამიყვანეს. მოვიდნენ ჩემი მეგობრები და მეუბნებიან: შენი შვილი იქ არ არის, სამართალდამცველებმა წაიყვანეს მორგშიო. გადავირიე – ეს რა ხდება-მეთქი. მე ველოდები, როდის შემიშვებენ და, ამ დროს მიცვალებულს მეორე მხრიდან აპარებენ. მოვიკრიბე ძალები და გავიქეცი მორგში, მაგრამ, რომ მივედი, უკვე ყველაფერი მოემთავრებინათ... ლაშა სასახლეში ჩაწოლილიც არ მინახავს – მინდა, ის ჩემს მეხსიერებას ცოცხალი შემორჩეს. ვაცხადებ, რომ ჩემი შვილის მკვლელობა პოლიტიკური დაკვეთაა. სხვანაირად არ იქნებოდა. ის იმდენად კაცთმოყვარე, ჰუმანური, კეთილსინდისიერი ადამიანი იყო, შეუძლებელია, პირადი ინტერესების გამო მოეკლათ. ეს მკვლელობა თვითონ სამართალდამცველებმა გაასაიდუმლოეს. ლაშას მკვლელობის შემდეგ გავიგე, რომ, რამდენიმე თვით ადრე, 23 აპრილსაც ყოფილა თავდასხმის მცდელობა. თავდამსხმელი ალუმინის გასაშლელი კიბით, იმავე ოთახში, სადაც ჩემი შვილი მოკლეს, ამოცოცდა და ლაშას გვიან ღამით თავზე დაადგა. ლაშას უთქვამს, წაიღეთ რაც გნებავთ, ოღონდ, ცოლ-შვილი არ შემიშინოთო. მაშინ ეს ამბავი ჩემთვის არავის უთქვამს, მოგვიანებით ჩემი რძლისგან გავიგე, ისიც შემთხვევით. ახლა მე ვეკითხები „თვითმკვლელობის” ვერსიის გამომგონებელ-გამომძიებლებს: მკვლელი იმიტომ შეიპარა ლაშას სახლში და იმიტომ დაადგა ლაშას თავზე, რომ ჩემს შვილს თავი არ მოეკლა? ახლა კიდევ ამბობენ, რომ იარაღი ლაშასი იყოო. 23 აპრილს ლაშამ სახლიდან გააქცია ერთი თავდამსხმელი. ამის შემდეგ მან გააღვიძა მეუღლე და ღამის ფარნით დაათვალიერეს მთელი ბინა იმის შიშით, რომ სახლში კიდევ ვინმე ხომ არ არისო. ლაშას რომ იარაღი ჰქონოდა, ცოლს გააღვიძებდა და ფარნით დაუწყებდა მკვლელებსა და ბანდიტებს ძებნას? ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე, თებერვალში, პრესკონფერენცია მოვაწყვე და ვთქვი: ჩემი პოლიტიკური მკვლელობის მოახლოებას ვგრძნობ-მეთქი. ერთ-ერთი ჟურნალისტი წამოდგა და მეკითხება: „რა, ბატონო გურამ, თქვენც გელანდებათ ტერაქტები?“ მე კი არ მელანდება, ამის საშიშროებას ძალიან კარგად ვგრძნობ-მეთქი. ჩემი სიმართლისათვის დამსაჯეს, მაგრამ, ვერ წარმომედგინა ასეთი სასჯელი – შვილს თუ მომიკლავდნენ.
ალექსი ინაურმა 80-იან წლებში „კაგებეს” ერთ-ერთი ძველი თანამშრომელი, რომელიც ახლა მწერლობს და პატრიოტობს, გამომიგზავნა და მითხრა: ბატონო გურამ, დავალებული მაქვს, გადმოგცეთ ინაურის ბრძანება: ჩვენ ვხედავთ, რომ გურამ შარაძე ადგას ილიას მკვლელობის გამოძიების სწორ გზას (მაშინ კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა), ილიას მკვლელობა სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკური ფრთის ნამოქმედარია. ამიტომ, ვუბრძანებთ, დადოს კალამიო. ინაურმა ვერ მაიძულა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიებაზე ხელი ამეღო და ესენი მაიძულებენ, ჩემი შვილის მკვლელობის ნამდვილ მიზეზებზე უარი ვთქვა?! ჩემი შვილის საფლავს არ შევარცხვენ და ლაშას ვერ დავაბრალებ, თავი მოიკლა-მეთქი.”