ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ყველაფერს ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები საქართველოში, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, ვერც აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის განცხადების შეფასებისას.
„განცხადება, რომელიც ბატონი როთის მხრიდან მოვისმინეთ, თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე - ეს არის ყველაზე სამწუხარო. იცით გერმანულ დახმარებასთან საქართველოში ჩემი განსაკუთრებული კავშირის, ასევე გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის 30-წლიანი დახმარების შესახებ, რომელიც ყოველთვის ქართველი ხალხის მხრიდან იყო პატივცემული ბევრი მიზეზის გამო და ბევრი სენტიმენტის გამო, რაც არსებობს ქართველი ხალხის მხრიდან გერმანიის მიმართ. ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ყრიან ყველაფერს ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები საქართველოში, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, ვერც აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, რას უკეთებენ თავის ქვეყანას - გერმანიას, მის სახელს საქართველოში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმასთან. ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ, ერთი სელფის გადაღების გამო გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისა და არეულობისთვის, არიან ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, რომ გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომაც მნიშვნელოვანია საერთო ჯამში, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის, მათი პარტიების მხრიდან” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი“.