ძალიან კონსტრუქციული, საინტერესო, ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა ბატონ ობრაიენთან. მიხარია, რომ მან რამდენიმე საკითხი ახსენა, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ინტერესის საკითხია საქართველოსთვის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა და კარგია, რომ ამ მხრივ ჩვენ ვთანხმდებით ამ საკითხზე. მოხარული ვარ, რომ მან ეს ბრიფინგზეც ახსენა და ხაზი გაუსვა ამ საკითხს და ეს აღიარებულია, - ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრა, რომელიც გუშინ გამართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა ის ფაქტი, რომ ჯიმ ობრაიენმა გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას არ გამოიყენა ტერმინი „რუსული კანონი“ და აღნიშნა, რომ იარლიყებით მსჯელობა ზუსტადაც რომ არაევროპული და არადასავლური მიდგომაა საკითხის მიმართ.
„ამავე დროს გვქონდა საუბარი ამერიკული დაფინანსების მიმართ ჩვენს გარკვეულ კითხვებზე, რაზეც საჯაროდ ვსაუბრობთ. ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის დაფინანსებებზე. არაერთხელ მითქვამს, რომ სხვადასხვა აქტორთან გვაქვს ამაზე თანხმობა, რომ ნამდვილად არის გაუმჭვირვალე ეს დაფინანსება ნაწილობრივ და ნამდვილად არის გარკვეული კითხვის ნიშნები ზოგიერთ პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი წუხილები გავაცანით საკითხთან დაკავშირებით. თავისთავად, ეს კანონი ეხება ბევრ საკითხს. ჩვენ რთულ რეგიონში ვართ და ეს ეხება ბევრ გავლენას სხვადასხვა მხრიდან, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა მიმართულებები. თუმცა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები გამოხატავენ წუხილს, რა თქმა უნდა, მათთან ვსაუბრობთ და მაგალითებითაც ვესაუბრებით, სად ვხედავთ მათი სივრციდან წამოსულ გამოწვევებს, რომ არის ფონდები, რომლებიც საქართველოში სამწუხაროდ არაგამჭვირვალედ ხარჯავენ თანხებს.
არაერთხელ მითქვამს, ერთი წელი დავხარჯე შარშან, პროექტის ინიცირების შემდეგ, იმაზე, რომ დამერწმუნებინა ეს ფონდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები, რომ თავად უზრუნველეყოთ გამჭვირვალობა. სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიე, მათ შორის ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით. ამიტომ კანონმდებლის ვალდებულებაა, ქართველი ხალხის სახელით მოაწესრიგოს ეს სფერო, რაც გუშინ ბატონმა ობრაიენმაც აღნიშნა, რომ ეს არის ეროვნული ინტერესის საკითხები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.